“გუშინ საშინელი შეტევა ჰქონდა” – დღეს მიხეილ სააკაშვილის უცხოელი ექიმები პრესკონფერენციას გამართავენ

კლინიკა “ვივა მედში” მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად უცხოელი ექსპერტები მივიდნენ. მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ექიმი ლაჰანსა და ექიმი კობის სურთ. გარდა ამისა, კლინიკაში მივლენ “ემპათიას” ექსპერტებიც, რომლებიც დასკვნაზე მუშაობენ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ გუშინ სასამართლო პროცესის პალატაში ჩანიშვნის შემდეგ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

 

“გადაწყვიტა ბატონმა კობიმ რომ აქ დაელოდება, მისაღებში ამ ნებართვას, გარდა ამისა, მოვა ქართველ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ამერიკელებთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას. ის რაც მას გუშინ განუვითარდა სასამართლოს მიერ ჩატარებული უკანონო ქმედების შედეგად, ეს შეიძლება შეფასდეს მხოლოდ უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობად. ჰქონდა რაღაც საშინელი შეტევა, აკანკალებდა, ცივი ოფლი ასხამდა, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, არა თუ სააკაშვილი, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში”, – თქვა ხაჭაპურიძემ.

კლინიკაში მივიდა ამერიკელი ადვოკატიც, რომელიც სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის საელჩოში გამართავს შეხვედრას. დღის ბოლოს მესამე პრეზიდენტის უცხოელი ექიმ-ექპსერტები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share