პარლამენტარი ფრიდონ ინჯია გამოდის ინიაციტივით, საცობების მოსაგვარებლად წყვილ დღეებში წყვილნომრიანმა მანქანებმა იმოძრაონ. ამის შესახებ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
“შეუძლებელი გახდა ქალაქში სიარული, არ ვიცი, ქალაქის საკრებულო ფიქრობს ამაზე თუ ვინ, მაგრამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, მაგალითად, წყვილ დღეებში წყვილ ნომრიანმა მანქანებმა იმოძრაოს ან რაღაც. მეგობრებო, ჩემო კარგებო, ვინც დადის მანქანით დილის ან საღამოს საათებში, დამეთანხმება, რომ შეუძლებელი გახდა მოძრაობა და ამის ირგვლივ არაფერი არ კეთდება, მხოლოდ “სვეტაფორებს” ვაკეთებთ, “სვეტაფორების” ბუმია და თუ სადმე რამე ისეთი გადასასვლელია, იქ აუცილებლადაა, თან მუშაობს მთელი ღამის განმავლობაში და ღამის 4 საათზე ისე მუშაობს, თითქოს ის უნდა იყოს იქ.
რაღაცა ვიფიქროთ, სანამ წავალთ, მე მეგონა, ბავშვები წავიდნენ სკოლაში და რაღაც იქნება შვება მეთქი, ნუ, აი, შეუძლებელია. თუ მე რამეს ვლაპარაკობ ზედმეტს, მითხარით მაშინ. ეს მარტო ერთი კაცის ან ჩვენი საფიქრალი კი არაა, მთლიანად ქვეყნის საფიქრალია, ეს ეკოლოგიაზე, ადამიანის ნერვებზე და ყველაფერზე მოქმედებს. ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყურადღება გავამახვილოთ და რაღაც ჯგუფი მაინც შეიქმნას, რომელიც ოპტიმიზაციას გააკეთებს და ეცოდინება ტრანსპორტის მოძრაობის საკითხები, ეკოლოგია, ქალაქის დაგეგმარება და ასე შემდეგ. მე ამას გთხოვთ მამაშვილურად, თორემ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით”, – თქვა ფრიდონ ინჯიამ.