ევროკავშირმა სანქციების მე-8 პაკეტი საბოლოოდ შეათანხმა – ვის და რას შეეხება სანქციები

ევროკავშირის ელჩებმა სანქციების მე-8 პაკეტის დეტალები დღეს შეათანხმეს. ინფორმაციას Twitter-ზე რადიო „თავისუფლების“ ევროპის რედაქტორი, რიკარდ ჯოზვიაკი ავრცელებს.

ის წერს, რომ „ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ყველა დეტალი დაამტკიცეს და ე.წ. წერილობითი პროცედურა დაიწყეს, რომელიც ხვალ, 10:00 საათზე დასრულდება.“

მე-8 პაკეტის დეტალებზე შეთანხმებას ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც ადასტურებს. სანქციების პაკეტი ოფიციალურად შესაძლოა, ხვალ, 6 ოქტომბერს გამოქვეყნდეს.

მასში მთავარ ელემენტად ნავთობზე ფასების შეზღუდვა სახელდება. ამასთან, უნგრეთმა განაცხადა, რომ ფასის შეზღუდვა მილსადენით მიწოდებულ რუსულ ნავთობზე, ასევე, ექსტრემალურ ვითარებში საზღვაო მიწოდებაზეც არ გავრცელდება. ამასთან, უნგრეთმა ევროკავშირის ახალი სასანქციე პაკეტიდან ბირთვული ენერგიის ამოღებასაც მიაღწია.

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმის ჩატარების გამო გასულ კვირას დააანონსა. ის რუსეთთან 7,5 მლრს ევროს ოდენობის ვაჭრობის აკრძალვასა და ნავთობზე ფასების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს მოიცავს. პაკეტი, ასევე, მიზნად ისახავს რუსეთის ფოლადის ინდუსტრიაზე დარტყმას და კრემლის არმიისთვის ძირითად ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ჩამორთმევას.

ამასთან, ბრიუსელი სანქციების ახალ კატეგორიას იმ პირებზე აწესებს, რომლებიც რუსეთს შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან. გარდა ამისა, ევროკავშირი სიას აფართოვებს და პერსონალურ სანქციებს უწესებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე, კრემლის მიერ კონტროლირებადი საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრაინის ოთხ რეგიონში, სადაც ფსევდორეფერენდუმები გაიმართა.

მე-8 პაკეტი, ასევე, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო საწარმოების მმართველ საბჭოებში მუშაობას უკრძალავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share