ბახვი ჰესის პირველი სტიპენდიანტი, მთისპირელი ჯაბა ბოლქვაძე მომავალი ენერგეტიკოსია

ბახვი ჰესის  გაცხადებული გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის ფარგლებში არსებული სტუდენტების დახმარების პროგრამა 2022 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამის მიხედვით, კომპანია სოფელ მთისპირსა და სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლას ენერგეტიკის ან კიდევ, გარემოსდაცვის სპეციალობებზე გადაწყვეტენ, სწავლის საფასურის 80% გადაუხდის.  ამ პროექტის პირველი ბენეფიციარი სოფელი მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძეა. მან მთისპირის საჯარო სკოლა 2022 წელს დაამთავრა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ელექტრო ინჟინერის სპეციალობით  იწყებს სწავლას.  პროფესია ჯაბა ბოლქვაძეს, როგორც თავად გვიყვება, უკვე შერჩეული ჰქონდა, როცა მის სკოლაში ბახვი ჰესმა ტრენინგ კურსი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უფროსკლასელებს ჰიდროენერგეტიკასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თემებს უხსნიდნენ და ასწავლიდნენ. ტრენინგ კურსის ფარგლებში პროფესიული ორიენტაციის კუთხითაც ჩატარდა შეხვედრები. სწორედ ამ შეხვედრებმა და ტრენინგის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ უბიძგა ჯაბას შეეცვალა გადაწყვეტილება და  ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩაებარებინა.

ჯაბა ბოლქვაძე, სტუდენტი

„როცა ვაპირებდი უნივერსიტეტში ჩაბარებას და გადაწყვეტილი მქონდა ჩემი პროფესია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვიყავი. ბახვი ჰესმა დაიწყო შეხვედრები ჩვენს სოფელში და გვიტარებდა ტრენინგებს. გამიჩნდა ინტერესი, რომ ამ სფეროში მეცადა ჩემი თავი. ვიყავით ექსკურსიაზე, ვნახეთ კინტრიშა ჰესის მუშაობის პრინციპი. ძალიან დამაინტერესა ამ დარგმა და  ავირჩიე ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტი.

ვფიქრობ, ახალგაზრდებს სამომავლოდ ხელს შეუწყობს ეს სიახლე, უკვე ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული აღნიშნული პროფესიით. სამომავლოდ დავფუძნდები მთისპირში და ვიქნები წარმატებული სპეციალისტი ჩემს სფეროში“.

ნანა ჭეიშვილი, მთისპირის სკოლის დირექტორი

–  როგორ შეაფასებდით პროგრამას, რომელიც გულისხმობს სტუდენტების დახმარებას, თუკი ისინი ჩააბარებენ ენერგეტიკოსის ან გარემოს დამცველის პროფესიებზე?

„ბახვი ჰესის პროგრამა დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რომ დარჩნენ სოფელში, ჰქონდეთ  სპეციალობა, დასაქმდნენ თავიანთი პროფესიის შესაბამისად. ეს  წაახალისებს მათ  სწავლის და შემდგომი მუშაობის პროცესშიც. ახალგაზრდას ეცოდინება, რომ კონკრეტული სასწავლებლის დასრულების შემდეგ ექნება სამსახურის პერსპექტივა საკუთარ სოფელში და რეგიონში. სტუდენტური დაფინასნების პროგრამა ძალიან კარგი სიახლეა ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის, ასევე, სოფლის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ სოფელს მასიურად ტოვებენ ახალგაზრდები და მიდიან სხვა ქალაქებში საცხოვრებლად. სწორად დაგეგმილი მომავალი უზრუნველყოფს მათ სოფელში დამკვიდრებას. ასევე, სოფელში გაჩნდა მუხტი ახალგაზრდა თაობაში, რომ სამომავლოდ დაეუფლონ ამ პროფესიებს, დასქამდნენ და განავითარონ თავიანთი სოფელი“.

რეზო ბოლქვაძე, ჯაბა ბოლქვაძის მშობელი

  – როგორ შეაფასებდით იმ ტრენინგ კურსს რომელიც ბახვი ჰესისი ორგანიზებით თქვენმა შვილმა გაიარა და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის წახალისებები ოჯახებისთვის?

„ძალიან დადებითად შევაფასებ ამ პროექტს. ჩემს შვილს საზღვაო აკადემიაში ჰქონდა გადაწყვეტილი სწავლა, თუმცა, ტრენინგების შედეგად გადაწყვიტა ელექტრულ ინჟინერიაზე ჩაბარება. არსებობს დასაქმების იმედი და პერსპექტივა. ეს ძალიან კარგია მთელი ოჯახისთვის. დღეს სწავლის გადასახადის გადახდა ძალიან რთულია. რასაც თქვენ აკეთებთ დიდი წახალისებაა ჩვენთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share