ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებენ და ამერიკის საელჩოს საქართველოს ხელისუფლებაში “აგენტურის დაბრუნების” მცდელობაში ადანაშაულებენ. მათივე შეფასებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამერიკამ საქართველოსგან “არანაკლები ფინანსური სარგებელი მიიღო”, ვიდრე საქართველომ ამერიკისგან.
“ელჩი ხშირად საუბრობს 6 მილიარდზე, როდესაც მათივე ოფიციალური წყაროების მიხედვით, ამერიკამ საქართველოზე 4.5 მილიარდი დახარჯა, საიდანაც საქართველოში მხოლოდ 3.5 მილიარდი გადმოირიცხა. იმ პირობებში, როდესაც ელჩი ჩვენს შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკამ საქართველოზე, საუკეთესო შემთხვევაში, სწორედ 3.5 მილიარდი დახარჯა. აქვე იმასაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში მონაწილეობით, ამერიკამ საქართველოსგან 2.5 მილიარდი დოლარის სარგებელი მიიღო. ეს კი, იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ამერიკამ საქართველოსგან არანაკლები ფინანსური სარგებელი მიიღო, ვიდრე საქართველომ ამერიკისგან” – წერენ ივანიშვილის დეპუტატები. მათი თქმით, ვერც იმ შეკითხვაზე მიიღეს პასუხი – “რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ”.
“საელჩო ახლაც იგივე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს და 2013 წლიდან დახარჯული მილიარდი დოლარის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამას ხმარდება. ცნობილია, რომ 2012 წლის შემდეგ დახარჯული ფულის უდიდესი ნაწილით ის ენჯეოები დაფინანსდა, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში რევოლუციურ პროცესებში უკვე ორჯერ დაუფარავად იყვნენ ჩართული. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შედეგიც ისევ რეპრესიები, ავტორიტარიზმი და ახალი ომი იქნება, რაც ქვეყანას განადგურებას უქადის. შესაბამისად, ვერც იმას დავუშვებთ, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე დახარჯულ თანხებს დახმარება უწოდოთ…
…ეჭვი გვაქვს, რომ როდესაც საელჩო ქართული ოცნების პროამერიკულად განწყობილ ხელისუფლებას წლების მანძილზე ებრძოდა და ნაციონალური მოძრაობით მის ჩანაცვლებას დაჟინებით ცდილობდა, სარგებელი, რომლის მიღებაც მას საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, რათა ამ ადამიანებმა, 2004-12 წლების მსგავსად, ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭულებმა მოაწერონ ხელი” – წერია მოძრაობა ხალხის ძალის განცხადებაში.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების შეფასებით, “როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამერიკელების სტრატეგიული ამოცანა საქართველოში – სასამართლო სისტემის დანგრევა თუ მისი დამოუკიდებლობის განმტკიცება, არჩევნების სამართლიანი შეფასება თუ ხმების პარალელური დათვლის გაყალბება, მთავრობის გაძლიერება თუ მისი გადატრიალება, სიმშვიდე თუ არეულობა, მშვიდობა თუ მეორე ფრონტი”.