“ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია.” – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია Telegram-ის არხზე წერს.
მისი თქმით, რუსეთმა ვერც ჰუმანიტარულ, ვერც საინფორმაციო და ვერც პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწია.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსულმა სარაკეტო ტერორმა, რომელიც მომზადებული იყო დაშინების აქტის სახით, ვერ მიაღწია ვერც ჰუმანიტარულ, ვერც საინფორმაციო და ვერც პოლიტიკურ მიზნებს.
ჩვენი ენერგეტიკის ინჟინრები და გადაუდებელი სამსახურები სწრაფად აღადგენენ დანგრეულს. შედეგები მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებით.
ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ისწავლეს მასიური საჰაერო თავდასხმების მოგერიება. თუნდაც იმ იარაღით, რაც გვაქვს. მაგრამ რაც უფრო მალე მივიღებთ უახლეს სამხედრო აღჭურვილობას, მით უფრო მალე მივაღწევთ მშვიდობას ჩვენს ქალაქებში.
ჩვენს მოქალაქეებს არ შეშინებიათ. ზოგადად, არ არსებობს ისეთი კალიბრი, რომელიც უკრაინელებს წინააღმდეგობის დათმობას აიძულებს.
მოლაპარაკების მოთხოვნით არავინ გამოსულა. თუმცა რუსებს სწორედ ამის იმედი ჰქონდათ.
ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. უკრაინა მთელი თავისი ტერიტორიისა და ხალხის გასათავისუფლებლად იბრძოლებს. და ტერორისტული სახელმწიფო აგებს პასუხს ყველა დანაშაულზე და გადაიხდის ყველაფრის საფასურს, რაც გაანადგურა.
ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია. დამარცხებამდე ჰიტლერმა დაბომბა ლონდონი, მილოშევიჩი – ზაგრები, პუტინი ბომბავს კიევს და ზაპორიჟჟიას. თუ რუსეთი გადაწყვეტს იგივე გზას გაჰყვეს, მაშინ მათ კარგი არაფერი ელის.”