ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ როდესაც ევროპა საქართველოში ოლიგარქიზაციის პრობლემაზე წერდა, მმართველ პარტიას და მის არაფორმალურ ლიდერს გულისხმობდა?!, – ასე უპასუხა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, თუ უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონი მისაღებია ევროკომისიისთვის, რატომ არ შეიძლება, უკვე მოწონებული კანონის ქართული ანალოგი ამოქმედდეს საქართველოში, მით უმეტეს, თუ ვენეციის კომისიისგანაც დადებითი შეფასება იქნება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მივიღოთ კანონი, რომელიც არა კონკრეტულ ადამიანებზე იქნება მორგებული, არამედ სისტემური პრობლემის აღმოფხვრაზე.
„ვინმეს, ვინც მოვლენებს თვალს ადევნებს, მიუხედავად იმისა, ეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეჭვი ეპარება, რომ ევროპა, როდესაც ამას წერდა, საქართველოში ოლიგარქიზაციის პრობლემას, გულისხმობდა მმართველ პარტიას და მის არაფორმალურ ლიდერს?! ეს არავისთვის ეჭვს არ იწვევს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ევროპამ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერა პირდაპირ გვარი და სახელი, ეს პრობლემააო.
„ოცნება“ ამბობს, გადავალაგე ფურცლები და რაღაცები, ვიპოვე კანონი უკრაინაში და ეს ისეა დაწერილი, ჩემი აზრით, ივანიშვილს არ ეხება, ამიტომ, მოდით, ეს მივიღოთო. ახლა, საბავშვო ბაღში ვართ და დამალობანას ვთამაშობთ, დაჭერობანას, ომობანას, თუ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ? უკრაინამ ეს კანონი შარშან ამ დროს მიიღო, როცა არანაირ კანდიდატობაზე არ იყო ლაპარაკი. კიდევ რას გვეუბნებიან, ეს კანონი კი დავარეგისტრირეთ, მაგრამ ჯერ არ მივიღებთ, სანამ ვენეციის კომისია უკრაინის კანონზე დასკვნებს არ გამოტანსო. ის დასკვნა უკრაინაზე იქნება, უკრაინაში არსებულ პრობლემას ის კანონი წყვეტს, თუ ვერა, მაგრამ საქართველოში არსებულ პრობლემაზე უკრაინის პრობლემას წყვეტს, თუ ვერ წყვეტს, ეს როგორ უნდა გაავრცელონ აქ? ამ რაღაც ხლართებში არიან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.