ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ თუ რუსეთი გამოიყენებდა ატომურ იარაღს, დასავლეთი „გაანადგურებს“ პუტინის არმიას ასეთი იარაღის გამოყენების გარეშე.
“პუტინი ამბობს, რომ [მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე] ბლეფი არ არის. მას არ აქვს ბლეფის ფუფუნება. ცხადი უნდა იყოს, რომ ბლეფს არ მიმართავენ არც ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, ევროკავშირის წევრi ქვეყნებi, აშშ და ნატო.
უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა გამოიწვევს პასუხს – არა ბირთვულს, არამედ სამხედრო პასუხს იმდენად ძლიერს, რომ რუსული არმია განადგურდება“, – დასძინა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს ატომურ იარაღს, ის „გადალახავს ძალიან მნიშვნელოვან ხაზს“ თანაც „სერიოზული შედეგებით“.
ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. „რეფერენდუმის“ მხარდაჭერაზე საუბრისას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება თავისი ტერიტორიის დასაცავად და დასძინა, რომ „ეს ბლეფი არ არის“.