ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, რათა უზრუნველყოს მისი გრძელვადიანი უსაფრთხოება და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა.
ყოველდღიურ მიმოხილვაში ანალიტიკოსები წერენ, რომ უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის საჭიროა ზაპოროჟიეს ოლქის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების უმეტესი ნაწილების გათავისუფლება, მათ შორის 2014 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილის მაინც.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ასევე აუცილებელია უკრაინისთვის სტრატეგიული მიზნებისთვის, წერენ ISW ექსპერტები უკრაინის შესახებ რეგულარულ ანგარიშში. მათი თქმით, უკრაინის შესაძლებლობა, დაიცვას თავი მომავალში ახალი რუსული თავდასხმისგან, მოითხოვს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების უმეტესობის გათავისუფლებას.
ანალიტიკოსებო ფიქრობენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაძლიერდება ყირიმის გათავისუფლებით, რაც ასევე დაეხმარება NATO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში.
ISW-ის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინასთან მიმართებაში გეგმები შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა ან სიტუაციის სხვა დროებითი დარეგულირება. ექსპერტები ამბობენ, რომ მოსკოვი საომარი მოქმედებების ნებისმიერ შეჩერებას თავისი მიღწევების გასაძლიერებლად და პუტინის სასარგებლოდ ფრონტის ხაზის გასაყინად გამოიყენებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმა მოამზადოს.