მე-2 კლასელ ბავშვს თანაკლასელები ახრჩობდნენ. გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლაში მისულ მშობელს შვილი სასტიკად ნაცემი და ყელზე შემოხვეული მავთულის ნაკვალევით დახვდა.
უკვე ერთი თვეა მოზარდის დედა უწყებიდან უწყებაში დადის, თუმცა უშედეგოდ. მთელი ამ დროის განმავლობაში მოსწავლე სკოლაში ვერ მიდის, რადგან თანაკლასელების მხრიდან მუდმივი ბულინგის მსხვერპლია.
თუმცა როგორც აღმოჩნდა არა მხოლოდ კლასელების მხრიდან. მშობელი ყვება, რომ თანატოლების მიერ ნაცემ ბავშვზე კლასის დამრიგებელმაც იძალადა.
მშობელმა სკოლაში საჩივარიც დაწერა, მაგრამ სკოლის დირექციამ ის ელექტრონულ პორტალზე არ ატვირთა და შესაბამისად განათლების სამინისტრომდე ვერ მივიდა. სად იყო მანდატური და სად იყვნენ პედაგოგები – ეს კითხვა აქვს მე-2 კლასელის მშობელს, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.
ბოლო შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა კი ბავშვის დედას განუცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა მოზარდი სხვა სკოლაში გადაეყვანა.