უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ორ განკარგულებას ხელი მოაწერა. სანქციების დაწესების გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ავრცელებს.
“განკარგულებები, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შეიმუშავა. ძალიან დიდი, რთული და შრომატევადი სამუშაო იყო. მას შემდეგ, რაც ეს სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსი ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება. ასევე, ძალიან ბევრი კომპანია, საწარმო და ა.შ.”. – თქვა დანილოვმა უკრაინული ტელეკომპანია Channel 24-ის ეთერში.
დანილოვის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით, სიიდან ერთი ადამიანის წინააღმდეგ სანქციები დროის გარკვეული მონაკვეთით გადავადდება.
ცნობილი ხდება, რომ განკარგულება სანქციების დაწესებას ითვალისწინებს უკრაინელი ბიზნესმენის, სერჰი კურჩენკოს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, იანუკოვიჩის მთავრობის თავდაცვის მინისტრის, პავლო ლებედევისა და რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას წინააღმდეგ.
სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი პირების კუთვნილი აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლების დროებით ჩამორთმევას. სანქციების მოქმედების ვადა კი 10 წელი იქნება.