“ბუკნარში, ბავშვმაც კი იცის, რომ ამ კონფლიქტის მიზეზი “ქართული ოცნებაა”- დავით მჟავანაძე

სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს, ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთი საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებსა და სისხლიან დაპირისპირებაზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ შეჰპირდნენ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მეჩეთის მშენებლობაში მხარდაჭერას. ესენი იყვნენ ,მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე დავით გუდავაძე, რომელიც ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატია, სოფლის რწმუნებული დავით კვაჭანტირაძე და ბუნებრივია სამივე მათგანი საუბრობდა ვასილ ჩიგოგიძის სახელით. მას შემდეგ ,რაც ჩიგოგიძემ პარლამენტში ადგილი გაინაღდა ,მოიქცა ზუსტად ისე ,როგორც ქართულ ოცნების მაღალჩინოსნებს ჩვევიათ და რადგან მმართველი გუნდი პირდაპირ უარს ვერ ეტყოდა მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობაში დახმარებაზე, ყველაზე საშიშ და ბინძურ გზას დაადგა.სოფელ ბუკნარში მცხოვრები ქარული ოცნების აქტივისტები, ქრისტიანების სახელით ხელოვნურად დაუპირისპირა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს. დღეს პოლიცია სწორედ ზემოთჩამოთვლილი ადამიანების დაკითხვით უნდა იყოს დაკავებული, რადგან სწორედ მათი პასუხისმგებლობა იკვეთება აღნიშნულ საქმეში და ეს პატარა ბავშვმაც კი იცის იმ სოფელში.
ასევე საინტერესოა და ვფიქრობ ,გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვისი დავალებით მოქმედებდნენ ყოფილი პედაგოგი და ქართული ოცნების აგიტატორი თინიკო კაცაძე ,რომელიც თანასოფლელებს ქვებს უშენდა და ბუკნარის სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი, რომელიც თანასოფლელებს მოუწოდებდა ძალადობისკენ და მისი გამონათქვამები ემსახურებოდა თანასოფლელებში შუღლის გაღვივებას . აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ეს უკანასკნელიც ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერია და საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას კომისიის თავმჯდომარედ ჰყავდა დანიშნული. ვფიქრობ გამოძიების სწორად წარმმართვის შემთხვევაში მარტივად დადგინდება ,რომ საქმე გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წინასწარ მართულ მოვლენასთან და საჭიროა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი .
ასევე მოვუწოდებ განათლების სამინისტროს, სასწრაფოდ ჩამოაცილოს სკოლას სამარცხვინო და სიძულვილის ენაზე მოსაუბრე დირექტორი მარინა გოგიშვილი. მიგვაჩნია, გარდა იმისა, რომ მისი მოწოდებები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, პრინციპულად მიუღებელია გოგიშვილისნაირ მოძალადეებს და ტოლერანტობისა და ჰუმანიზმისგან დაცლილ ადამიანებს ვანდობდეთ მომავალი თაობის აღზრდა -განათლებას.”- წერს მჟავანაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share