ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრიტანეთში ბრუნდება და პრემიერობისთვის ბრძოლას იწყებს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რათა ამ თანამდებობისთვის ახლიდან იბრძოლოს – ამის შესახებ ინფორმაციას “ტელეგრაფი” ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, 22 ოქტომბერს ის მხარდამჭერებს შეხვდება.

ჯონსონმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის პრემიერი ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა. სწორედ მან შეცვალა ჯონსონი პრემიერობის პოსტზე ორი თვის წინ.

კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძვიან, სულ მცირე 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.

ვებგვერდ „ქონსერვატივ ჰოუმის“ დამფუძნებელი ტიმ მონტგომერი ამბობს, რომ ბორის ჯონსონს არა მხოლოდ 100 დეპუტატის, არამედ 140-მდე კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია.

გამოცემა “ტელეგრაფის” ცნობით, ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვეს, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share