რუსულმა ჯარებმა დაიწყეს უკანდახევა ხერსონის ოლქის დასავლეთიდან, ისინი სავარაუდოდ აპირებენ უკანდახევის გაჭიანურებას რამდენიმე კვირით, მაგრამ ეს შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთონ, თუ ისინი გადაწყვეტენ თავდასხმას – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ რეზიუმეში.
უკრაინის ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” იუწყება, რომ პარასკევს რუსებმა “საკმაოდ აქტიურად” წაიღეს ტექნიკა დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან ბორნით. ექსპერტების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქმნის პირობებს, რომ უკრაინაში გააგრძელოს გაჭიანურებული მაღალი ინტენსივობის ომი, ნაცვლად მოლაპარაკებებისა.
გარდა ამისა, შეჯამებაში, ინსტიტუტი ასახავს საკუთარ პროგნოზს, რომ რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, ააფეთქონ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე კაშხალი უკანდახევის გადასაფარად და ამაში უკრაინას დაადანაშაულონ.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ იძულებით გაყვანას მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან სამოქალაქო „ევაკუაციის“ საფარქვეშ.