ივანიშვილის დასავლური სანქციების ეშინია, ამიტომ თავისი საქმიანობის გადამალვას ცდილობს, – ასე აფასებს “ანტიკორუფციული მოძრაობა” “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტს, რომელიც ოლიგაქრის გადამალულ ბიზნესსაქმიანობას ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოლიგარქის მცდელობების მიუხედავად, მისი საქმიანობა დამალული მაინც ვერ დარჩება.
მას აქვს შიში დასავლური სახელმწიფოების, დასავლური სანქციების და მაქსიმალურად ცდილობს გადამალოს თავისი საქმიანობა, რომელიც უკავშირდება ტერორისტულ სახელმწიფოს, რომელიც უკავშირდება კორუმპირებულ მმართველობას და აფორმებს კომპანიებს მის დეიდაშვილებზე, მის მამიდაშვილებზე, ახლო გარემოცვაზე, მის ირგვლივ მყოფ ნდობით აღჭურვილ პირებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ დაიმალება, – ამბობს ვასილ ურუშაძე.
“ანტიკორუფციული მოძრაობის” კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ივანიშვილი საკუთარ საქმიანობას კრემლთან კავშირების გამო მალავს.
მუშაობის მთავარი მოდუსი არის ეკონომიკური კავშირი კრემლთან და კრემლთან დაახლოებული ეს ოლიგარქიული კლანები ერთად მართავენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეკონომიკურ სქემებს, რომელიც არის, მათ შორის, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით ჩატარებული. ბიძინა ივანიშვილს არ სურს მისი პოზიციონირება პირდაპირ როგორც აი, ამ სქემების უშუალო აქტორის, ამიტომაც ახდენს თავისი ამ ეკონომიკური კავშირების დამალვას, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
“შაბათის ეთერის” მიერ დადგენილია, რომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ ბიზნესიმპერიას ფლობს. საუბარია ბიო პროდუქტებზე, რომელიც საქართველოში მზადდება. პროდუქციას რუსულენოვანი შეფუთვა აქვს. ოფიციალური დოკუმენტებით ის შუააზიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, გერმანიასა და თურქეთში გადის.
ირკვევა, რომ კომპანიაზე, რომელიც ბიო პროდუქტებს ამზადებს, შესაბამისობის დიპლომები გაცემულია რუსეთის ფედერაციაში და ბიძინა ივანიშვილის კომპანიას წარმომადგენელიც ჰყავს რუსეთში.