სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავტორიტეტს მოკლებულ კორუფციულ -კლანურ სისტემად, რომელიც რუს ოლიგარქს მოსწონს – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნებას
როგორც ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით, “ოცნების” ხელისუფლებამ დასავლეთს ღია ბრძოლა გამოუცხადა და უარი უთხრა 12 პუნქტი შესრულებაზე.
“გუშინ მოსამართლეთა კონფერენციამ არაფრად ჩააგდო საერთაშორისო რეკომენდაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩია ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. ვინ არის მურუსიძე და რა რეპუტაციის მქონეა ყველამ ვიცით. გუშინ სასამართლო სისტემამ და ამ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ღიად უარი თქვა ევროკავშირის მიერ გაცხადებული რეკომენდაციების შესრულებაზე და სისტემის რეფორმირებაზე.” განაცხადა ნიკა მელიამ და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს.
“გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მეტიც, მათი ქმედებებიდან ცალსახად იკვეთება რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორედ იმისთვის, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და აქ გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტენა, რომ საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს, რომ ამ მთლიანად ყალბი პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა და პარტნიორებისგან ამავე პროცესში ოპოზიციის სავალდებულო ჩართულობაზე საუბარი აზრს მოკლებულია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება”- განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი გუშინ, 23 ოქტომბერს აირჩიეს.