„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებას სამართალთან არავითარ კავშირში არ აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თუ ის დღეს არ გათავისუფლდება, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ.
„დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, გვაქვს თუ არა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო და საერთოდ, სამართალთან თუ აქვს საერთო ამ სასამართლოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთა პროტესტს გამოხატავს პლაკატებით. ქვეყანაში არ გვაქვს სასამართლო, სამართალთან არავითარ კავშირში არ არის ნიკა გვარამიას დაკავება და ის ბრალი, რომლითაც ის არის დაკავებული. რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა აღნიშნულია ევროკავშირის ყველა რეზოლუციაში. შესაბამისად, თუ ის დღეს არ გათავისუფლდება, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირ გადადგმული ნაბიჯი ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ბოლო სხდომა დღეს ჩატარდება.
პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, ნიკა გვარამია საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ, პროკურატურა კი, ყველა ეპიზოდში როგორც ნიკა გვარამიას, ასევე, ზურაბ იაშვილის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.