“გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი, გვინდა რომ დავტვირთოთ ეს არხიც”-ილჰამ ალიევი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება; ასევე, გვინდა ექსპორტისთვის გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი აპირებს 2027 წლისთვის ექსპორტზე ევროპაში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანოს.

ამასთან, ალიევმა საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს საქართველოში 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული.

„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება. ბოლო 9 თვის განმავლობაში გადავცდით 1 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვას და აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები. ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. აზერბაიჯანს საქართველოში 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომელიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით, ეს პროექტები ძალიან წარმატებულია და ველით მოუთმენლად ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე.

ჩვენ ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს და ამ მოცულობის გაზრდას მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს მისი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ვაპირებთ 2027 წლისთვის ექსპორტზე გავიტანოთ ევროპაში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ეს საკითხი ბუნებრივია, განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ასევე იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში, ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი. ასევე, გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი. ვიცი, რომ ახლა ეს არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს არხიც“, – განაცხადა ალიევმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share