დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ წერს.
„როგორი ხალხი და სახელმწიფო ვართ, და რა ეკლესია/საპატრიარქოც გვაქვს, ამას აღარ სჭირდება დიდი მტკიცება, მაგრამ მწარე ფაქტად მინდა ერთი საკითხის მიმოხილვა, რაზედაც ახლა არ ექცევა ყურადღება, არადა ეროვნული და საკაცობრიო მნიშვნელობისაა:
მსოფლიოს კულტურულმა სამყარომ და გაერთიანებამ იუნესკოს სახით საქართველოს ისტორიულ-კულტურული ოთხი (ოფიციალურად სამი, რადგან ქუთაისი-გელათი ერთად იყო ჩათვლილი) ლოკაცია – ძეგლი ცნო მსოფლიო მნიშვნელობისად და ოფიციალურად აღიარა დაახ. 30 წლის წინ. სანაცვლოდ მოგვთხოვა ამ ოთხი ძეგლი-კომპლექსის დაცვა საერთაშორისო მაღალი სტანდარტების შესაბამისად. და რას აკეთებს ქართული ხელისუფლება საამისოდ ამ ხნის მანძილზე?!
1.ბაგრატის ტაძარი – საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ იუნესკოსთან შეუთანხმებელი და ნაჩქარევი რეკონსტრუქცია-რესტავრაციის გამო იუნესკომ ამოიღო მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან!
2. გელათი – ყველამ იცით რა დღეშიც ჩააგდო ოცნების ხელისუფლებამ არასწორი და უხარისხო რესტავრაცია-რეაბილიტაციით და თავზე გვექცევა, დაზიანდა უნიკალური კედლის მხატვრობა და ჯერ ახლოსაც არ ვართ ტრაგედიის აღმოფხვრის მომენტთან!
3. ქ. მცხეთა (სვეტიცხოველი, ჯვარი, სამთავრო)- იუნესკო ითხოვდა და დღემდე ითხოვს გენგეგმის დამტკიცებას და ახალმშენებლობებით განაშენიანების დამახინჯებების შეჩერებას. წინა ხელისუფლებამაც დაიკიდა, ახალმაც ათი წელია დაიკიდა და გააჯანჯლა, არადა ოცნების ხელისუფლებამ შესაბამისი ჯგუფიც დაიქირავა და გენგეგმის პროექტირებაზე მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე წლის მანძილზე, მაგრამ მისი დამტკიცება დღემდე არ მოხდა, მშენებლობებზე მორატორიუმიც მოხსნეს. რატომ ხდება ეს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს: ბინძურ ელიტებს სჭირდებათ მცხეთა თავისუფლად საჯიჯგნად და საჭმელ-სახრავად.
4. ციხე-სოფელი უშგული – აქაც საჭიროა გენგეგმის დამტკიცება, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში მრავალი კუსტარულად წარმოებული მშენებლობების დემონტაჟი და ძეგლთან მათი შესაბამისობაში მოყვანა რეკონსტრუქციის წყალობით. მაგრამ ამასაც ვერ მოაბა თავი ხელისუფლებამ. ამიტომ უშგულში, ამ ერთიციდა ციხე-სოფელში, ათასწლოვანი მსოფლიო მემკვიდრეობის განაშენიანება დღემდე დამახინჯებულია და აჭრელებულია თანამედროვე ეპოქის მახინჯი და მყვირალა ჩანართებით!
აი, ახლა გეკითხებით: რაიმეს იმსახურებს საქართველო და ქართველი ერი მსოფლიოსაგან? ვინმემ რამედ უნდა ჩათვალოს ეს სახელმწიფო და ეს ხალხი?! და რატომ უნდა იყოს იუნესკოს მიერ აღიარებული ეს ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობად ჩათვლილი, როცა თავად საქართველო არ იჩენს ჯეროვან მოწიწებას, მოვლას, მოფრთხილებას ამ მრავალსაუკუნოვანი საკუთარი ეროვნული შედევრებისადმი?! ხოდა, არ გაგიკვირდეთ, რომ ესენიც (გელათი, მცხეთა, უშგული) ბაგრატივით ამორიცხოს სიიდან იუნესკომ, ნამდვილად კი იმსახურებს ამას დღევანდელი საქართველო“, – წერს ილია ჭიღლაძე.