ექსპერტი გია ხუხაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ინსტიტუტებს პატივს არ სცემენ.
ხუხაშვილის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილმა თავად მოაწერა ამ თამაშს ხელი“.
ამასთან, ხუხაშვილის თქმით, ილჰამ ალიევი ფაქტობრივად არა პრემიერს, არამედ ფოსტალიონს შეხვდა.
„ქართული ოცნება“ გვეუბნება იმას, რასაც ყოველთვის გვეუბნება. არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“ ინსტიტუტების პატივისცემა, ერთი დიდი აჯაფსანდალია გაკეთებული და ერთი ადამიანი ამბობს, „დღეს შენ ხარ, ხვალ შენ იქნები, ზეგ შენ ჩაგრეცხავ, მერე გაგასუფთავებ, დაგბან და ისევ დაგსვამ“. ახლა ეს დამოკიდებულება არის სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით.
ზურაბიშვილს არ მგონია, არ სცოდნოდა, თავად მოაწერა ხელი ამ თამაშს, არ მგონია თვითონ ზედმეტად უკმაყოფილო იყოს. ახლა არის მარტო თავის სახლში, ჩაცმა-დახურვა ასწავლეს, სწორი განცხადებების გაკეთება ასწავლეს და ასე თამაშობს რა. საპენსიო ასაკს მიუახლოვდა ეს ადამიანი, მეტზე მას პრეტენზია არ აქვს. იმიტომ რომ ღირსეული პრეზიდენტი კომენტარებს კი არ გააკეთებდა, საჯარო პროტესტს გამოთქვამდა.
ოდესმე გქონიათ ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ აღიარებს რაიმენაირ ინსტიტუციურ წესრიგს? პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრია? მარტო სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით კი არა, ღარიბაშვილი, რომელიც შეხვდა, ხელი ჩამოართვა ალიევს, ისიც არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებებს.
ალიევი ფაქტობრივად ფოსტალიონს შეხვდა, მეტს კი არავის. შეხვედრა ხომ ფორმალობაა, შინაარსია მთავარი. არცერთი ინსტიტუტი არ არსებობს, სასამართლო მთლიანად არის ინტეგრირებული ხელისუფლებაში, ამ თამაშს გვეთამაშება ერთი ადამიანი, ღარიბაშვილი კი არ არის მოთამაშე, ღარიბაშვილი კი არ შეხვდა ალიევს. ალიევმა ხომ მშვენივრად იცის რაც ხდება“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა.