პირველი იანვრიდან ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფს ერთნაირი შეფუთვა ექნება

საქართველოში სიგარეტის სადა შეფუთვის რეგულაცია პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ გამოსცა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისივე თქმით, საფუძველი რეგულაციის გადავადების არ არსებობს, – “რაც შეეხება სადა შეფუთვას, მთავრობის დადგენილება გამოცემულია, რომელიც აზუსტებს ტექნიკურ მოთხოვნებს, თუ რას ნიშნავს სადა შეფუთვა. ამოქმედების ვადა პირველი იანვარი. რაიმე საფუძველი, რომ გადავადებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს, პირიქით, ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, რაც არის უკვე დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, შესრულდეს. ეს ასევე გვაახლოებს ევროკავშირის მოთხოვნებთან, ევროდირექტივებთან და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა პრევენციული ზომები, რაც უკავშირდება თამბაქოს მოწევის შეწყვეტას და თამბაქოს მოწევით გამოწვეულ მთელ რიგ დაავადებებს, თავიდან ავიცილოთ”. – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თამარ გაბუნია.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მე-6 მუხლის ქვეპუნქტები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინს ეხება, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც გულისხმობს თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დამკვიდრებას, რომლის მიზანია:

  •  თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;
  •  სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;
  •  თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.

ამისათვის ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.

კოლოფზე დატანილი იქნება ბრენდების სახელები ერთნაირი, სტანდარტული შრიფტით, რათა როგორც გამყიდველს, ისე მომხმარებელს პროდუქტის იდენტიფიცირება არ გაუჭირდეს. ამასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share