რა მოცულობის ციტრუსის მოსავალს ელოდებიან აჭარაში და სად იგეგმება ქართული პროდუქტის ექსპორტი

„ამ სეზონზე ჩვენ უფრო ნაკლებ მოსავალს ველოდებით, ვიდრე შარშან, რადგან აგვისტო ძალიან ცხელი იყო და მეტი მოსავლის მიღების საშუალება არ მოგვეცა. რეგიონში დაახლოებით 45 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ველოდებით, საიდანაც 30-35 ათასი ტონა ექსპორტზე გავა“, – განაცხადა ზაზა შავაძემ.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, შავაძის თქმით, წელს შესაძლოა, ტრადიციული ბაზრების გარდა ქართული ციტრუსი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც გავიდეს.

„გასული წლების სტატისტიკით, ქართული ციტრუსის ძირითადი საექსპორტო ბაზარი იყო რუსეთი, უკრაინა და სომხეთი. მაგრამ ახლანდელი პროცესები გავლენას ნამდვილად ახდენს და ვფიქრობ, რომ უკრაინაში იმდენი ციტრუსი აღარ შევა, რამდენიც შარშან. მიუხედავად ამისა, ციტრუსის ექსპორტთან პრობლემები არ იქმნება, რადგან ალტერნატიულ ბაზრებზე ექსპორტიორ კომპანიებთან მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი აზრით, შევძლებთ ციტრუსის ექსპორტს აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ა.შ. და ამ პროცესში გამოვიყენებთ როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო მარშრუტებს, კერძოდ ბულგარეთის გავლით აღმოსავლეთ ევროპისკენ, შეძლებისდაგვარად“, – განაცხადა მინისტრმა.

ზაზა შავაძემ აღნიშნა, რომ ექსპორტის ხელშეწყობა აჭარაში ახლახან გახსნილი ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთი ფუნქციაა.

ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოდან მთლიანად 44 240 ტონა მანდარინი გავიდა, ჯამში 21,489 მლნ დოლარის ღირებულების.

რაც შეეხება ქართული ციტრუსის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს, ის ასე გამოიყურება:

  • რუსეთი – 29 269 ტონა (16,364 მლნ დოლარი)
  • სომხეთი – 8 671 ტონა (2,855 მლნ დოლარი)
  • უკრაინა – 4 198 ტონა (1,566 მლნ დოლარი)
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share