რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც პასუხობდა “ვალდაის” ფორუმზე კითხვებს დასავლურ ელიტებთან დაპირისპირების და დასავლური ჰეგემონიის დასასრულის შესახებ, გამოსვლის შემდეგ, ცოტა რამ თქვა რუსეთის დანაკარგებზე ომში (მან ჩვეულებისამებრ გამოიყენა ტერმინი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“) უკრაინაში.
”თქვენ იცით, ჩვენს სახელმწიფოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გვაქვს დანაკარგები და, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ზარალს, რომელიც დაკავშირებულია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან. მე ამაზე მუდმივად ვფიქრობ. არის ეკონომიკური ზარალი”,- თქვა მან.
BBC წერს, რომ პუტინმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს „სამოქალაქო“ უწოდა. მისი გადმოსახედიდან რუსები და უკრაინელები „ერთი ხალხია“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ამ უაღრესად საკამათო მოსაზრებას გამოთქვამს.
კითხვებზე პასუხის გაცემისას პუტინმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთმა „შექმნა“ უკრაინა და მხოლოდ მოსკოვს შეუძლია, გახდეს მისი დამოუკიდებლობის გარანტი.
“რუსეთი არ უპირისპირდება დასავლეთის ელიტებს, რუსეთი უბრალოდ იცავს თავის არსებობისა და თავისუფლად განვითარების უფლებას. ამავდროულად, ჩვენ თვითონ არ ვაპირებთ გავხდეთ რაიმე ახალი ჰეგემონი, რუსეთი არ სთავაზობს უნიპოლარობის ბიპოლარობით შეცვლას. მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა ამ საღი აზრის ძალის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსაც და დასავლეთსაც მოუწევთ თანაბარი საუბრის დაწყება ჩვენთვის საერთო მომავალზე. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რა თქმა უნდა. ახლა მიაღწიეს აბსურდულ წერტილს, როცა ნებისმიერი ალტერნატიული თვალსაზრისი გამოცხადებულია დივერსიულად, პროპაგანდად და დემოკრატიის საფრთხედ. აი, რა გამოდის რუსეთიდან – ეს ყველაფერი კრემლის მაქინაციებია. აბა, შეხედეთ საკუთარ თავს. ჩვენ მართლა ასეთი ყოვლისშემძლეები ვართ?
სტალინმა აიღო და გადასცა უკრაინას რიგი პოლონური, უნგრული და რიგი რუმინული ტერიტორიები ამ ქვეყნებიდან მათი ტერიტორიების წაღების შემდეგ. პოლონელებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ჰიტლერის კოალიციაში, აღმოსავლეთ გერმანული მიწის ნაწილი. ეს ისტორიული ფაქტია და ამგვარად შეიქმნა დღევანდელი უკრაინა. ღიად ვამბობ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის ერთადერთი, ნამდვილი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც შექმნა დღევანდელი უკრაინა”- თქვა პუტინმა.