საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეების 8,8 პროცენტი სოციალურად დაუცველია.
აღნიშნულის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 21 ოქტომბერს, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს დასმული შეკითხვის საპასუხოდ მიაწოდა.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 2086 სკოლაა, რომლებშიც 571 402 მოსწავლე სწავლობს. მათგან 50 130 სოციალურად დაუცველია.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებიდან ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონის ორ სკოლაში სწავლობს.
ამ სტატისტიკური მაჩვენებლის პირველ ხუთეულში ჭიათურის ორი და აფხაზეთის ერთი სკოლა მოხვდა.
თბილისის №180-ე სკოლაში 2221 მოსწავლე სწავლობს, საიდანაც 370 სოციალურად დაუცველია;თბილისის №131-ე სკოლაში 1119 მოსწავლე დადის, საიდანაც 264 სოციალურად დაუცველია;ჭიათურის №1 სკოლაში 985 მოსწავლე დადის, მათგან 253 სოციალურად დაუცველია;ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში 413 მოსწავლიდან 199 სოციალურად დაუცველია;ჭიათურის №7 სკოლაში 390 მოსწავლე დადის, საიდანაც 198 სოციალურად დაუცველია.განათლების სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, არის ისეთი სკოლები, რომლებშიც ყველა მოსწავლე სოციალურად დაუცველია. მაგალითად, სოციალურად დაუცველია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვნის 19 და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიჩის 12-ვე მოსწავლე. ასეთი სკოლა საქართველოში სულ ექვსია.