ომბუდსმენი: წლების განმავლობაში რელიგიურ დაპირისპირებებს სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, რელიგიური შევიწროების ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს ეხმაურება და სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არაეფექტურ რეაგირებაზე საუბრობს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, რელიგიური ნიშნით მომხდარ დაპირისპირებებზე მთელი რიგი გამოძიებები შეწყდა, ან ხანდაზმულობის გამო დასრულდა.

“ეს შეიძლება იყოს იმის გაგრძელებაც, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია. მთელი რიგი გამოძიებები შეწყდა ან დასრულდა ხანდაზმულობის გამო. ჩვენ რა თქმა უნდა მივადევნებთ თვალს როგორც გამოძიების ჩატარებას, ასევე, გვექნება კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან”, – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება მეჩეთის მშენებლობას, ომბუდსმენი ამბობს, რომ ზოგადად, მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით მუსლიმი თემი პრობლემებს აწყდება, რადგან თვითმმართველობების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციულია.

“რაც შეეხება მეჩეთის მშენებლობას, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მისაღებად არის წარდგენილი განაცხადი შესაბამის ორგანოში თვითმმართველობის, თუმცა ზოგადად, ვიტყოდი, რომ მუსლიმი თემი მეჩეთის მშენებლობის პროცესში ნამდვილად აწყდება პრობლემებს ნებართვების გაცემასთან მიმართებით და თვითმმართველობების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში არის დისკრიმინაციული მათ მიმართ”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

გუშინ, 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მუსლიმი თემის სამ წარმომადგენელს, საიდანაც 2 არასრულწლოვანია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share