ადვოკატებისა და ოჯახის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველების, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს უკვე რამდენიმე კვირაა მაღალი ტემპერატურა აქვს.
ამერიკელმა ექსპერტებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის ნაწილი გამოაგზავნეს, ადვოკატები და ცენტრი “ემპათია” ახლა ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა მომზადდება.
უფლებადამცველების შეფასებით, სწორედ ამ დოკუმენტზეა დამოკიდებული მიმართავენ თუ არა სასამართლოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით.
“ახლა მიდის ამ დასკვნების შეჯერება და განთავსება საერთო დასკვნაში. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევით ნაწილს, ჯერ არ დასრულებულა, უახლოეს დღეებში ველოდებით. ყველაფერი განთავსდება ძირითად დასკვნაში და გაიცემა საბოლოო დასკვნა. დღესაც ვნახე და საკაოდ რთულია, სამედიცინო პერსონალს და კლინიკას უჭირს დადგენა, თუ საიდან აქვს ტემპერატურა. დაიდება საბოლოო დასკვნა და ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ რა ფორმით და მივმართოთ თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით”, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დადასტურების შემთხვევაში ადვოკატებს საფუძველი ექნებათ, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება მოითხოვონ.