პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის არსებობა საზოგადოებას დაავიწყდა და ის სწორედ ამიტომ მიმართავს ასეთ განცხადებებს, ვოლსკიმ ასევე შეაფასა მისი თანაგუნდელის დიმიტრი სამხარაძის პოსტი, რომელიც გახარიას ვირთხას უწოდებს:
“საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი „დაყროყინება”, არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა.
მან განცხადება გააკეთა კორუფციის, ივანიშვილის ოლიგარქობის თაობაზე და მე არ ვფიქრობ, რომ ის როგორც პოლიტიკოსი და თუნდაც, როგორც პიროვნება საუკეთესო მხარით წარმოდგა საზოგადოების წინაშე. მან ვრცელი გზა გაიარა, ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერ- მინისტრობამდე და არ მგონია, ადამიანს, ვისაც გარკვეული ურთიერთობა გააჩნდა თუნდაც, პირადად ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალური ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები და გადაცდომები არსებობდა, არ შეიძლება რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებისთვის, თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია,”- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია:
„ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- დაწერა გახარიამ.