კახა კალაძე ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, მუსლიმებს სხვებს უწოდებს და აცხადებს, რომ “არ უნდა დავუშვათ სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ვინაიდან დიდი ტრადიციების მქონე ერი ვართ”.
“საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ.
არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის. მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფა, ასევე საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა.
მჯერა ჩემი ხალხის გონიერების, რომელი აღმსარებლობისაც უნდა იყოს, ჩვენ ტოლერანტობა სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის”. – წერს კალაძე ფეისბუქზე.
გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მოგვიანებით, საღამოს, ჩოხატაურის გამგეობის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ისე გურიის გუბერნატორი და ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები “ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას”. მან მსგავსი შეხვედრების გაგრძელებებიც დააანონსა.