“შეძლებს თუ არა ამერიკა ახალი მსოფლიო ომის მოგებას – რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამერიკამ რუსეთიც დაამარცხოს და ჩინეთიც”

ამერიკულ საგარეო-პოლიტიკურ ჟურნალ “ფორინ ეფერსში” (Foreign Affairs) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – “შეძლებს თუ არა ამერიკა ახალი მსოფლიო ომის მოგებას – რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამერიკამ რუსეთიც დაამარცხოს და ჩინეთიც” (ავტორი – თომას მანკენი, აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის სახელობის საერთაშორისო კვლევების სკოლის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როცა საერთაშორისო ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ, აშკარაა, რომ ამ მხრივ 2022 წელი ნამდვილად გამორჩეული და სახიფათო წელია: ჯერ იყო და ევრაზიის დასავლეთით რუსეთმა უკრაინის საზღვართან დიდი ჯარი განალაგა, შემდეგ კი თვით ქვეყანაშიც შეიჭრა. აღმოსავლეთით კი ჩინეთის დამოკიდებულება სულ უფრო აგრესიული ხდებოდა აშშ-ის მიმართ, განსაკუთრებით ტაივანის საკითხთან მიმართებით: როცა კონგრესის წარმომადგენლების პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კუნძულს ეწვია, პეკინმა სასწრაფოდ სამხედრო წრთვნები დაიწყო და ვაშინგტონს თავისი ძალა აჩვენა.

შეერთებული შტატები აცნობიერებს იმას, რომ ჩინეთი და რუსეთი მსოფლიო წესრიგს მნიშვნელოვნად ემუქრებიან. ამას წინათ თეთრმა სახლმა თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთს სწრაფად უახლოვდებიან და რამდენიმე გვერდი მიუძღვნა იმას, თუ როგორც შეუძლია სამომავლოდ ორივე ქვეყნის შეკავება. ვაშინგტონმა იცის, რომ უკრაინის კონფლიქტი გაჭიანურდება და შეიძლება მოსკოვ-კიევის ომი ისეთ წერტილამდე მივიდეს, რომ მასში ამერიკას ჩაბმა აუცილებელი გახდეს. ვაშინგტონმა ასევე იცის, რომ გაამაყებულმა სი ძინპინმა, რომელიც ყრილობამ ქვეყნის ლიდერად უკვე მესამედ აირჩია, ტაივანზე შეჭრას და კუნძულის დაკავებას შეეცადოს. ასე რომ, შეიძლება აშშ ჩინეთთან და რუსეთთან კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული.

მაგრამ მოსკოვისა და პეკინის მიმართ ვაშინგტონის მხრიდან გამოხატული ასეთი დეკლარირებული ყურადღების მიუხედავად, სინამდვილეში სიტუაცია სხვაგვარადაა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წელს თქვა უარი ორ ფრონტზე ომის წარმოებაზე და მეტი ყურადღება დაუთმო თანამედროვე იარაღის გაუმჯობესებას მხოლოდ ერთ ომში გამარჯვებისათვის. საქმე ისაა, რომ ამერიკული იარაღი ძველდება: ბევრი ტანკი, თვითმფრინავი და ხომალდი რონალდ რეიგანის მმართველობის დროს, 1980-იან წლებშია აგებული, როცა ჩვეულებრივი იარაღის დაგროვება ხდებოდა. დღეს ამერიკას რეზერვებიც ძალიან შეუმცირდა, უკრაინის დახმარების კვალობაზე. და თუ ამერიკა ორი კონფლიქტის სუბიექტი იქნება – ევროპაშიც და აზიაშიც, ერთდროულად, არავინ იცის, ამას რა შედეგი მოჰყვება. აშკარაა, რომ ჩინეთი, თავისი გლობალური ინტერესების გათვალისწინებით, მხოლოდ ტაივანის დაპყრობით არ დაკმაყოფილდება და საბრძოლო მოქმედებების თეატრს გააფართოებს – ინდოეთის ოკეანემდე და თვით აშშ-ის დასავლეთ ნაპირებამდეც კი. შესაბამისად, ამერიკას მოუწევს, საბრძოლო მასალების დიდი მარაგი შექმნას, დააგროვოს მაღალტექნოლოგიური იარაღი და მოიფიქროს ომის წარმოების კრეატიული და არასტანდარტული მეთოდები, თუ მას წარმატების მიღწევა სურს.

ვაშინგტონმა მზადება ახლავე უნდა დაიწყოს. ამერიკელი პოლიტიკოსები და სამხედროები უნდა შეუდგნენ სამხედრო-სამრეწველო ბაზის გაფართოებასა და გაღრმავებაზე ზრუნვას. მათ მოუწევთ ახალი ოპერატიული კონცეფციების შემუშავება, თუ როგორ უნდა იქნეს ორგანიზებული აშშ-ის კოსმოსური და კიბერნეტიკული ქსელების დაცვა კიბერშეტევებისაგან. მათ სერიოზულად უნდა იფიქრონ საომარ მოქმედებებზე სხვადასხვა “სამხედრო თეატრში” (რეგიონში), მათ შორი იმაზე, თუ სად განალაგონ წინასწარ ძალები და – რა რაოდენობით. ვაშინგტონს ეფექტიანად შეუძლია მოკავშირეებთან კოორდინირება, რომელთა დახმარება გარდაუვალი იქნება და უალტერნატივო – საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის წარმატებით დასრულებისთვის, რა თქმა უნდა, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სასარგებლოდ.

უკრაინის ომმა აჩვენა, რომ მაღალტექნოლოგიური იარაღი დიდი ეფექტიანობით გამოირჩევა. მის დიდ ნაწილს აშშ აწარმოებს. თუ ამერიკულ იარაღს რუსულ და ჩინურ იარაღს შევადარებთ, ამერიკული მათზე ჯერ კიდევ ბევრად უკეთესია, თითქმის ყველა კლასში.

მაგრამ ცხადია, რომ ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა იარაღი მხოლოდ საკუთარ არმიას კი არ უნდა მიაწოდოს, არამედ – თავის ნატოელ მოკავშირეებს. სამწუხაროდ, ამერიკას იარაღის რეზერვი შეზღუდული აქვს და არც საწარმოო ბაზა არ არის ისეთი ძლიერი, რომ სწრაფად და უპრობლემოდ შეავსოს მარაგი.

ალბათ, წლები იქნება საჭირო იმ დანაკარგების ასანაზღაურებლად, რაც აშშ-ის იარაღის არსენალს უკრაინის ომმა მიაყენა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს: ჯერ კიდევ 2018 წელს კონგრესის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის კომისიამ გააფრთხილა კანონმდებლები და სამთავრობო ჩინოვნიკები, რომ “ამერიკას ამჟამად არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალები მაღალი ინტენსივობის მქონე კონფლიქტში გასამარჯვებლად” და ამტკიცებდა, რომ აუცილებელია იარაღის რაოდენობის ზრდა მწარმოებელი კომპანიების გაფართოების გზით. კომისიის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ვაშინგტონისთვის აუცილებელია ახალი საბრძოლო მასალების შექმნა და უკვე არსებული იარაღის მოდერნიზება. მაგალითად, შეერთებული შტატები უკვე 18 წელია, აღარ უშვებს პორტატულ საზენიტო რაკეტებს – “სტინგერებს” და მათი წარმოების აღდგენა [უკრაინისათვის] დიდ დროს და ფულს მოითხოვს. ამ ეტაპზე ამერიკამ უკრაინას 1400-ზე მეტი “სტინგერი” გადასცა.

პენტაგონმა უკრაინის მიღმაც უნდა გაიხედოს. უკრაინაში რუსეთის არმიის გაჭიანურებული სახმელეთო სამხედრო მოქმედებებით აშშ სასარგებლო მონაცემებს იღებს, მაგრამ თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება, ამერიკას და მისი მოკავშირეებს საპასუხო ზომების მიღება საზღვაო აკვატორიაში მოუწევთ, რაც უკრაინისაგან განსხვავებულ მოთხოვნებს წარმოადგენს. ეს გამოიხატება შორი მოქმედების დიდი რაოდენობით იარაღში, მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებშიც, რომლებიც, სამწუხაროდ, პენტაგონს ძალიან ცოტა აქვს. მაგალითად, JASSM-ER-სა და LRASM-ის სისტემის რაკეტები.

ამერიკისათვის აუცილებელია თავდაცვითი მნიშვნელობის პროდუქციის შეკვეთისა და კონტრაქტების სწრაფი განთავსება სამხედრო საწარმოებში. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს მოითხოვს ახალი საწარმოო სიმძლავრეების გახსნას, პროფესიული მუშახელის მიზიდვა-დამატებას, არსებული ქარხნების გაფართოებას და მათ მოდერნიზებას. ამის გასაკეთებლად კონგრესმა ახლავე უნდა იზრუნოს და რაც შეიძლება მეტი ფინანსები გამოჰყოს სამხედრო წარმოების გასაფართოებლად.

გარდა ამისა, ამერიკელმა კონგრესმენებმა უნდა მიიღონ კანონი, რომელიც საბრძოლო მასალების მინიმალურ რეზერვებს დააკანონებს. ასევე, უნდა იქნას გათვალისწინებული ფინანსური დახმარების ავტომატური გამოყოფა ნატოელი მოკავშირეებისათვის, იარაღის დამატებითი წარმოებისათვის, განსაკუთრებული შემთხვევების დროს. ასეთი სისტემის შექმნა უზრუნველყოფს საბრძოლო მასალების გარანტირებულ და სტაბილურ მიწოდებას.

რა თქმა უნდა, ამქვეყნად ყველა შესაძლებლობას თავისი ზღვარი აქვს და ამ მხრივ არც აშშ არის გამონაკლისი. ამერიკას არ აქვს განუსაზღვრელი დაფინანსების შესაძლებლობა, ამიტომ აშშ-მა უფრო ეფექტიანად უნდა ისარგებლოს არსებული ძალებით. მაგალითად, რადგან ავიამზიდების წარმოების დაჩქარება სიძნელეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ საჭიროა ვიფიქროთ მათი ეფექტიანობის გაზრდაზე, მათზე უფრო თანამედროვე თვითმფრინავების განთავსებაზე. თავის მხრივ, პენტაგონმა უნდა იზრუნოს არა მარტო გამანადგურებელი და ბომბდამშენი ავიაციის ეფექტიანობის ამაღლებაზე, არამედ დრონების ახალი თაობის შექმნაზეც. უპილოტო საფრენ აპარატებს შეუძლიათ დროულად აღმოაჩინონ მოწინააღმდეგის თვითმფრინავები და თავიანთი პილოტირებული კოლეგები დაიცვან. თუ ამერიკა უპილოტო და პილოტირებულ სისტემებს სწორად გააერთიანებს, მაშინ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ფლოტის ეფექტიანობა მრავალჯერადად მოიმატებს და სამომავლო სავარაუდო კონფლიქტების შემთხვევაში, არ გამოიფიტება.

რაც უფრო მეტად იკვეთება კონფლიქტი რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს (მოკავშირებითურთ) შორის, სიტუაცია მით უფრო მეტად მოგვაგონებს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს. ანალიტიკოსებს არ დასჭირდებათ გონების დაძაბვა, რომ წარსულის გათვალისწინებით, სამომავლო სიტუაციის მსგავსება დაინახონ იმ ვითარებასთან, ვთქვათ, რაც იყო 1939 წელს: დღეს ორმა დიდმა სახელმწიფომ ალიანსი შექმნა მსოფლიოს პოლიტიკური რუკის შესაცვლელად – ისე, როგორც ეს გააკეთეს გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ 1930-იან წლებში. რუსეთი ცდილობს, ტერიტორიები მიიერთოს ევროპაში, ჩინეთი კი – აზიაში (ტაივანისა და სხვა კუნძულების ჩათვლით, ასევე, მათ მიღმაც), რაც შეერთებული შტატებისათვის მიუღებელია. ამიტომ ვაშინგტონმა ისეთივე მობილიზაცია უნდა განახორციელოს ყველა სფეროში, როგორიც მას მეორე მსოფლიო ომის წლებში ჰქონდა. ეს რთულია, რადგან დღეს ჩინეთს ხელში საკმაოდ ბევრი ეკონომიკური ბერკეტი აქვს, მაგრამ აშშ-მა უნდა შეძლოს – ვაშინგტონს ამისთვის გამოუყენებელი ენერგიის უდიდესი რეზერვი აქვს. ამერიკის არმია დაკომპლექტებულია ერთგული მაღალპროფესიული კადრებით, ჭკვიანი ოფიცრებით და ჯარისკაცებით, მათ კარგად იციან მინდობილი საქმის შესრულება და მეტი აქტიურობის გამოჩენაც ხელეწიფებათ, ტაქტიკური თუ სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად. წყარო

kvirispalitra.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share