ლელო საქართველოსთვის წევრი სოფიო შამანდი პარტიაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ, 13 იანვარს სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მომხდარი ქართული ოცნების მმართველობის შედეგია.
როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდს მსგავს ინციდენტებზე არც წარსულში ჰქონია რეაგირება ვინაიდან, ისინი პრობლემის მიჩქმალვას ცდილობენ:
“ბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს ქართული ოცნების მართვის მახინჯ ფორმებზე და რელიგიის საკითხთა სააგენტოს არსებობის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს.
გუშინ განვითარებული მოვლენები არის იმის შედეგი, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა, რომელსაც წარსულში ჰქონდა ადგილი, არ იყო გამოძიებული და რაც მთავარია, გაანალიზებული.
არ იყო გამოძიებული: მოხეს, ჭელას, ნიგვზიანის, სამთა წყაროს ინციდენტები და რაც მთავარია, არ იყო გაანალიზებული ის პრობლემა, თუ რატომ ხდება ჩვენთან ასეთი ფაქტები.
ქართულ ოცნებას არ სურს მსგავს ინციდენტებზე რეაგირება და ცდილობს პრობლემის მხოლოდ მიჩქმალვას. რატომ არ იყო გაანალიზებული? იმიტომ, რომ ის სტრუქტურა, რომელიც ამას უნდა აკეთებდეს დაკომპლექტებულია სუს-ის თანამშრომლებით, რომლებსაც, ვშიშობ, რომ არ აქვს საერთოდ ანალიზის უნარი და რომელიც უმცირესობებს აღიქვამს ქვეყნის უმცირესობის ჭრილში”,- ამბობენ ლელოში.
პარტიაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების უმოქმედობა მომავალში მსგავსი შემთხვევების განმეორების საშიშროებას ქმნის. ლელო საქართველოსთვის ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“მოვუწოდებთ ქართული ოცნების მთავრობას, პირველ რიგში, მყისიერად, დაუყოვნებლივ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ თავიდან ააცილოს მოსახლეობას დაპირისპირება.
გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებს. ამასთანავე დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, განურჩევლად ეთნოსისა თუ მრწამსისა, მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა აღასრულონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები.
ქართული ოცნების უმოქმედობა ახალისებს აგრესიას დაპირისპირებას და ქმნის მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორების საშიშროებას”,-განაცხადა სოფიო შამანიდმა.
გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ამბობენ, რომ მათ ბუკნარში ერთ-ერთი კერძო სახლი შეიძინეს და იქ სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ლოცვაში ხელს უშლის.
12 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მოგვიანებით, 13 იანვრის საღამოს, ჩოხატაურის გამგეობის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ისე გურიის გუბერნატორი და ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები “ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას”. იქვე მან მსგავსი შეხვედრების გაგრძელებებიც დააანონსა.