31 წლის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომლის დაბრუნებაც რანდენჯერმე დაანონსდა, თუმცა, მოედანზე ჯერაც არ გამოჩენილა, დიდი ალბათობით, ევროლიგის მომდევნო ტურში ითამაშებს. ამის შესახებ Ilrestodelcarlino წერს სტატიაში “ვირტუსი თავის ლომს იბრუნებს”.
“თოკო მოედანზე ბრუნდება. მარცხენა მხრის სერიოზული ტრავმის შემდეგ, რომელიც მან აგვისტოს ბოლოს საქართველოს ნაკრებში თამაშისას მიიღო, შენგელია მწყობრში ჩადგა და პარასკევს იმ 12 მოთამაშეს შორის იქნება, როლებიც შინაურ კედლებში ფრანგულ ვილერბანს დაუხვდებიან.
თუკი თორნიკეს კალიბრის კალათბურთელი განაცხადში მოხვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორთვიანი პაუზის მიუხედავად, ის სათამაშო წუთებს მიიღებს. ვირტუსს ფარქვეშ ძალიან სჭირდება 206 სმ. სიმაღლის ფორვარდი. სერჯო სკარიოლოს გუნდს შენგელიას გამოცდილების მქონე კალათბურთელი ევროლიგაში დიდ დახმარებას გაუწევს.
ბოლონიამ ევროლიგის მატჩებში საშინაო მოედნის უპირატესობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რათა რეგულარული სეზონის ბოლოს პლეი ოფში გამსვლელ 8 გუნდს შორის მოხვდეს. პარასკევის მატჩით შენგელია ტურნირზე მე-10 სეზონს დაიწყებს და მართალია, მოსკოვის ცსკა-ში ძველებურად გამორჩეული არ ყოფილა, უდავოა, რომ ვირტუსში უდიდესი როლი დაეკისრება”.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, იტალიური კლუბი ვილერბანს 4 ნოემბერს დაუპირისპირდება და ეცდება, ევროლიგაში თანაბარ ბალანსზე გავიდეს. ამ დროისთვის, ვირტუსს 2 მოგება და 3 მარცხი გააჩნია (18 გუნდს შორის მე-15 ადგილი უკავია), თუმცა, მაინც კარგ ხასიათზე უნდა იყოს, რადგანაც გასულ ტურში მადრიდში რეალს სძლია.
თორნიკე შენგელიას დაბრუნება უმნიშვნელოვანესი ამბავია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელსაც 11 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ისლანდიასთანა და იტალიასთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის.
ამ დროისთვის L ჯგუფს 5-5 მოგებით ესპანეთი და იტალია ლიდერობენ და უკვე ცხადია, რომ ორ ევროპულ გრანდთან ჭიდილი ძნელი იქნება, აი, მსოფლიოს პირველობაზე გამსვლელ მე-3 ადგილზე კი პრეტენზიას საქართველოსთან ერთად, ისლანდია და უკრაინა აცხადებენ.