ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თათია ნიკოლაშვილი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მუდმივმოქმედი წევრი გახდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიას კონგრესში, თათიასთან ერთად, სენაკის საკრებულოს დეპუტატი, სევდია უგრეხელიძე წარმოადგენს.
როგორც “გურიის მოამბეს” ნიკოლაშვილმა უთხრა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მორიგი სხდომა მომავალი წლის მარტში გაიმართება.
ნიკოლაშვილი სტრასბურგში (საფრანგეთი, სადაც განთავსებულია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი) ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით, გასული თვის, ოქტომბრის დასასრულს იმყოფებოდა და მან მონაწილეობა მიიღო კონგრესის მუშაობაში.
კონგრესის მონაწილეებს ევროპის საბჭოს 48 ქვეყნიდან კი სიტყვით მიმართა:
” მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსეთს რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა და ახლა ოფიციალურ კიევს, მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, ქალებს უშენს ბომბებს. ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც რუსეთმა მოუწყო გენოციდი 2008 წელს, დროებით წაართვა ტერიტორიები. მათმა ტერორისტულმა, ეგრედწოდებულმა არმიამ გაანადგურა ჩვენი ხალხი, სოფლები, აგვიწიოკა ოჯახები და ამ წუთებშიც მავთუხლრთებს აბამენ საქართველოს ტერიტორიაზე . ვარ ქვეყნიდან, რომლის ხელისუფლებამ ამ ტერორისტებთან მებრძოლი მთავარსარდალი მიხეილ სააკშვილი ტყვედ აიყვანა პუტინის საამებლად და ციხეში წამებით კლავს ! ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ჰყავს არაფორმალური მმართველი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ჩვენ, საქართველოს მოქალქეები მხარს ვუჭერთ უკრაინას და ჩვენ არ გვინდა გადაგვყლაპოს უკანასკნელმა იმპერიამ მის მსახურებთან ერთად.