“ოპოზიციაში ბევრი მოსყიდულია…ნიკას ებრძვიან, რადგან სიმართლეს ამბობს…“ – ვის უპირისპირდება ანზორ მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციაში პოლიტიკოსთა უმრავლესობა მოსყიდულია. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი მელიას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს, რადგან ის სიმართლის მხარეს დგას.

ანზორ მელია, ასევე, ჩვენთან საუბრისას ასახელებს პირობას, რის შემდეგაც „ნაცმოძრაობის“თავმჯდომარემ, შესაძლოა, პარტია დატოვოს.

ანზორ მელია: ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს პრემიერ-მინისტრის დასახელებისთვის კი არა, არამედ ამ მთავრობის გაშვების მიზნით, ამისთვის იქნება თუ არა პარლამენტიდან გამოსვლა საჭირო, თავად უნდა გადაწყვიტონ, შეიკრიბონ და ერთად დადგნენ, მაგრამ ოპოზიციაში ძალიან ბევრს ვხედავ, რომ მოსყიდულები არიან. თუ ვისზე მაქვს საუბარი, ამას ჯერ არ ვიტყვი.

– რატომ ფიქრობთ, რომ ოპოზიციაში ბევრი პოლიტიკოსი მოსყიდულია?

– ნიკას ებრძვიან, ნიკას რაც აქვს, ყველაფერი ჩემით აქვს. მისი შეძენილი მე არაფერი მინახავს, გარდა ბავშვისა და ცოლისა. ნიკას ლანძღავენ უკანასკნელი სიტყვებით, რომ ივანიშვილის კაცია და ა.შ. რა ივანიშვილის კაცია? კაცი სიმართლეს ამბობს და ამის გამო ებრძვიან. ნიკა ძლიერი და სუფთაა, ის ერთგულია მიშა სააკაშვილის და ეს არ აწყობთ.

ერთს გეტყვით, თაკო ჩარკვიანის მამასთან თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მეგობრობა მაკავშირებდა, თაკო ჩემს თვალწინ გაიზარდა. შეიძლება, ამ ქალმა საკუთარი მამის მეგობარზე, საკუთარი მამის ოჯახის მეგობრის შვილზე ასეთი სიტყვებით ილაპარაკოს? ხომ იცის, რომ ნიკას ერთი კაპიკი არსად არა აქვს გაკეთებული.

– ოპოზიციაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს. შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია?

– ეს იქნება ღალატი. ნიკამ ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს. მიშა სააკაშვილი რომ გამოვა ციხიდან, პარტია მერე შეიძლება, დატოვოს.

– ამბობთ, რომ ნიკა მელია პარტიას მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში დატოვებს?

– დაელაპარაკოს მიშა სააკაშვილს და გადაწყვეტენ ყველაფერს. ახლა პარტიის დატოვება სააკაშვილის ღალატი იქნება. ის არის ჩემსავით შემტევი, მეორე ანზორ მელიაა, მაგრამ უფრო ჭკვიანი. ნიკას მსგავსი სუფთა პოლიტიკოსი თითებზეა ჩამოსათვლელი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ ყველა ლიდერი ნიკას გვერდით დგას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share