არ ვარ გამომძიებელი, მაგრამ გარკვეულ გეგმას ვხედავ, რომელსაც მიყვებოდა აღმსრულებელიც ამ გეგმის, დამკვეთიც და პოლიტიკის გამტარებელი. ძალიან არაპროფესიული თვალით რომ შევხედოთ, კითხვის ნიშნები ჩნდება – ეს ის წერილია, რომელიც ყველაზე ნაკლებად უნდა გაეგზავნა პრემიერ-მინისტრს ან ნებისმიერ ოფიციალურ პირს საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანული მხარისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წერილი არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას აღნიშნა.
„წერილი საკმაოდ მძიმეა წასაკითხად, რადგან იმდროინდელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი პირდაპირ უთითებს და ფაქტობრივად აღიარებს ფაქტს, რომ თითქოს დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს და საჭიროა ნებართვა, რომ გარემონტდეს. ეს არის ბრწყინვალე ილუსტრაცია იმისა, თუ რა პოზიცია ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას, მათ შორის დამატებული განცხადებები და კომენტარები მინისტრებისგან, მინისტრის მოადგილეებისგან, პოლიტიკოსებისგან და ა.შ. დიდი ტრაგედიაა ამ ქვეყნისთვის, როდესაც ჩვენ საუკუნოვან და სიმბოლურ სულიერ სიწმინდეზე ვამბობთ, რომ პრემიერ-მინისტრი წერილს წერს და ამბობს, რომ ეს უკვე არის თქვენს ტერიტორიაზეო, როდესაც ვიცით მანამდე რა ნაბიჯები იყო გადადგმული. ეს არის კომისიის წევრებს შორის შეთანხმება, ეს არის ძალიან სენსიტიური მომენტი, შემდეგ ამ პოზიციის გამყარება, კომენტარები, ოფიციალური წერილი და ამის შემდეგ, როგორც მე გავიგე, გააუქმეს საქართველოს ღალატის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან. დანარჩენზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს. ფაქტია, რომ ეს წერილი წარმოადგენს პირდაპირ დასტურს იმისა, თუ რა პოზიცია ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
სოციალურ ქსელში გასაჯაროებული დოკუმენტით გახდა ცნობილი, რომ ყოფილი პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.