“ნაპოლი” სკუდეტოს პრეტენდენტი, შორს ჩემპიონთა ლიგაზე და კვარაცხელია “ოქროს ბურთის” რეალობაში..

“ნაპოლის” თამაში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სულ მეორედ ვნახეთ და პირველად მოხდა, რომ ყველაფერი ეს იძულებითი (ტრავმის გამო) იყო. ჩვენებურის გუნდს მეტოქე სოლიდური ჰყავდა, მინიმუმ, სატურნირო ცხრილში (იმ დროისთვის მეორე ადგილზე) მაინც, თუმცა ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა “ატალანტასთან” კიდევ ერთი გასვლითი და მნიშვნელოვანი გამარჯვება (2:1) მოიპოვეს.

ჩემპიონატის ფავორიტს ნოემბერში და 13 ტურის შემდეგ არ ასახელებენ, თუმცა “მილანთან” 6-ქულიანი უპირატესობა იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლელები სანუკვარი სკუდეტოს ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტებად თამამად განიხილებიან. “რომასთან”, “ინტერთან” თუ “იუვენტუსთან” სხვაობა საკმაოდ კომფორტულია. მაინც დაველოდოთ, 2023 წლიდან რა მოხდება…

“ნაპოლის” შესვენებამდე ქულათა მარაგის გაზრდა თავისუფლად შეუძლია – უახლოესი ორი საშინაო მატჩი, “ემპოლისა” და “უდინეზესთან”, ამის საფუძველს ნამდვილად იძლევა, ამ დროს კი კონკურენტებს უფრო რთული შეხვედრები აქვთ ჩასატარებელი. კარგად მოგეხსენებათ, რომ სეზონის წინ ამ ვითარებას ბევრი ვერ წარმოიდგენდა. აი, რას ნიშნავს, სწორი მუშაობა და საკმაოდ პატარა თანხებით ბწრყინვალე ტრანსფერები…

Sportall.Ge

როგორი იყო გუნდი კვარაცხელიას გარეშე? სპალეტი მარცხენა ფლანგზე მაინც ელიფ ელმასს დაეყრდნო. ბოლო დროს მას შანსი მინდვრის ცენტრში ეძლეოდა, სადაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა გარემარბის ფუნქციები 23 წლის მოთამაშეს მეტად აქვს, ვიდრე ჯაკომო რასპადორის. ობიექტურად უნდა ვთავათ, რომ ჩრდილომაკედონიელი კარგი ფეხბურთელია, თუმცა არსებულ სერიოზულ კონკურენციაში მისთვის სასტარტოში ადგილის მოძებნა რთულია. “კვარასთან” ეს გამორიცხულია ამბავია და შუა ხაზშიც მისი პიოტრ ზელინსკისა და თუნდაც, ტანგი მდომბელეზე წინ დაყენება გაჭირდება. მთავარია, გუნდში ეს სულისკვეთება დარჩეს და ცვლილებაზე შემოსულები თამაშს ასე აძლიერებდნენ. სპალეტის სიტყვები მიგვანიშნებს, რომ ის კომუნიკაციის კარგი უნარებით გამოირჩევა და “გზიდან გადახვევის” უფლებას არავის მისცემს. ამ ყველაფერთან ერთად, ხვიჩა თავმდაბალი და მეგობრული ბიჭია, რაც მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, საკმაოდ დიდი გავლენა ვიქტორ ოსიმენის ინდივიდუალურმა ოსტატობამ იქონია. ნიგერიელმა ჯერ შეცდომა დაუშვა, რაც საკუთარ კარში მიღებულ გოლად დაუჯდა, შემდეგ კი ამან კიდევ უფრო მოტივირებული გახადა, რაც ისედაც არ აკლია და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გუნდმა მოიგო, თითქოს ბევრი პრობლემა არ შექმნია, თუმცა ქართველი გარემარბის არყოფნა მაინც საგრძნობი იყო. ამაში მხოლოდ მისი დრიბლინგები არ იგულისხმება. კვარაცხელია ყოველთვის მინიმუმ, მეტოქის ორი ფეხბურთელის ყურადღებას იქცევს, რაც სივრცეს სხვა მოთამაშეებს უხსნის. ამავდროულად, მოწინააღმდეგე იძულებულია, საჭიროების შემთხვევაშიც, მასიურ შეტევებზე უარი თქვას, რათა კონტრშეტევის რისკი უფრო დიდია, როცა მოედანზე “კვარადონა” მოქმედებს. მატჩისას არაერთი ეპიზოდი იყო, განსაკუთრებით მის მიწურულს, როცა ანგარიშის გასათანაბრებლად მომართული ბერგამოელების დასჯა, მესამე გოლის გატანა და საბოლოო წერტილის დასმა შესაძლებელი იყო, თუმცა ჯოვანი სიმეონესა და მატეო პოლიტანოს შემოსვლის შემდეგ, შექმნილი სივრცეების სათანადოდ გამოყენება ვერ მოხერხდა. ელმასი ცენტრში ხშირად შედის, თუმცა ამ დროს დამაგვირგვინებელი ფაზაში ის ისეთი სახიფათო ვერაა, როგორც ხვიჩა.

სტანისლავ ლობოტკა ისევ განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს, სამხრეთკორეელი კიმი კი, გარკვეული შეცდომების მიუხედავად, შეუდარებელი იყო. ვინმეზე აუგის თქმა რთულია – სპალეტის გუნდი მშვენიერ ფორმაშია…

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, იანვარში, მნიშვნელოვანი შეხვედრები იქნება, ჩემპიონთა ლიგა კი თებერვალში განახლდება. ნეაპოლელებს ახლა მხოლოდ მომავალი მეტოქის გაგება და მასზე გარკვეულწილად ფიქრი თუ მომზადება შეუძლიათ. იტალიის ჩემპიონობის საკმაოდ დიდ შანსზე ვისაუბრეთ, ამას კი უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე მაქსიმალურად შორს გასვლა თუ მოჰყვება, “ნაპოლის” ფეხბურთელებს “ოქროს ბურთის” საუკეთესო ადგილებზეც კი ექნებათ პრეტენზია. რა გასაკვირი იქნება, ეს ხვიჩა კვარაცხელია იყოს. ვისთვის ეს იქნებ მხოლოდ კვეხნაა, ვისთვის ნაადრევი დასკვნები, თუმცა ჩვენ ამ რეალობაში ვართ, ამას ვერავინ გაექცევა!

ქართველ ფეხბურთელს დროულ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და შორს არც საქართველოს ნაკრების მაროკოსთან დაპირისპირებაა (17 ნოემბერს).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share