ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე მათ მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, არათუ სასჯელის გადავადების, არამედ მისი გათავისუფლების საფუძველიც არსებობს. ამ საკითხზე ჯიშკარიანი “TV პირველს” ესაუბრა.
“ჩვენი დასკვნის მიხედვით უნდა იყოს გადაუდებელი ზომა მიღებული, პირველ რიგში, გასაყვანად და ასევე ჩვენი დასკვნის მიხედვით, არის ასევე გათავისუფლების საფუძველი… ნერვოლოგიური პრობლემაა წამყვანი და ეს დღემდე არ დიაგნოსტირდება. აუცილებელია, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი თუ სხვა, ციხის შიგნით თუ გარეთ, გაყვანილი იყოს მრავალპროფილურ სადიაგნოსტიკო კლინიკაში, სადაც მოხდება სწორი მკურნალობა”, – თქვა ჯიშკარიანმა.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები თვეებია, ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი კლინიკაში განთავსების მიუხედავად, უარესდება და ითხოვენ მის გადაყვანას სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში. თავად სააკაშვილმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკა აღარ აინტერესებს და სრულად უკრაინაში მიმდინარე ომია მისი ინტერესის საგანი.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არც საქართველოში ემუქრება საფრთხე და უარს ამბობს მისი რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ გაშვების შესაძლებლობის განხილვაზე.