უფასო აუზების და ფიტნესდარბაზების შემდეგ, 60 წელს ზემოთ პირებისთვის ხატვის და სიმღერის გაკვეთილებიც უფასოა

თბილისის მერიის პროგრამა „60+ კლუბის“ ფარგლებში, სიმღერის გაკვეთილზე 60 წელს გადაცილებული 30 ადამიანი დადის, სპორტულ ვარჯიშზე 25, ხატვის გაკვეთილზე კი 33.როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, მონაწილეებისთვის აქტივობები თითოეულ დისციპლინაში ტარდება კვირაში ორჯერ.

რაც შეეხება დედაქალაქის მერიის კიდევ ერთ პროექტს, რომელიც აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების უფასოდ სარგებლობას გულისხმობს, ბოლო მონაცემების თანახმად, აღნიშნული პროგრამით 326 პირი სარგებლობს.

უფრო კონკრეტულად, გლდანის სპორტულ ცენტრში 186 მოქალაქეა რეგისტრირებული, თემქის სპორტულ ცენტრში კი 140.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერია პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნესდარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება.

რაც შეეხება „60+ კლუბს“, „60+ კლუბი“, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში (ვაჟა ფშაველას გამზ. N99) მდებარეობს და წევრებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00- დან 19:00 საათამდე ემსახურება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ადგილზე შეეძლებათ. როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.

წყარო:ინტერპრესნიუსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share