7 ნოემბერს, ერეკლეობის დღესასწაულზე დაჯილდოებულ თელავის საპატიო მოქალაქეებს შორის მართლაც რომ საპატიო ადგილი უკავია 85 წლის მეეზოვეს, ლიანა ლოლაძეს. ლიანა ლოლაძე 1937 წლის 14 დეკემბერს თელავში დაიბადა. სწავლობდა თელავის ქალთა მეხუთე სკოლაში.
თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა მათემატიკის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. 1965 წელს ჯერ სოფელ ყარაჯალაში, ხოლო შემდგ კი, 1984 წლიდან მეორე სკოლაში მუშაობდა პედაგოგად. 1997 წლიდან დღემდე კი მეეზოვედ მუშაობს და ყოველ დილას თელავის ქუჩებს ალაგებს. ,,ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ამ სტატუსის მონიჭება, ძალიან გამიხარდა. ადრე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1965 წლიდან 1999 წლამდე სკოლაში ვასწავლიდი მათემატიკას. შემდეგ ცოტა ხნით ვიყავი უმუშევარი, რომ წამოვედი სკოლიდან და რამდენიმე წელში დავიწყე მუშაობა თელავის კეთილმოწყობის სამსახურში მეეზოვედ. ვარ 85 წლის და დღემდე აქ ვმუშაობ. თელავი ჩემთვის არის უსაყვარლესი ქალაქი. მე რომ თელავის მიმართ ასეთი სიყვარული არ მქონდეს , აქ არ ვიმუშავებდი. მე მინდა ჩემი ყველა შესაძლებლობა ამ ქალაქს მოვახმარო და მას ვემსახურო. სულ შრომაში გავატარე ჩემი ცხოვრება და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი. ახლაც ასეა. მინდა ვიგრძნო, რომ ადამიანი ვარ და საჭირო ხალხისთვის. მყავს 3 შვილი, ყველა დაოჯახებულია და მიხარია, რომ ისინიც ამ ქვეყანას ემსახურებიან”,- განაცხადა ლიანა ლოლაძემ. ცნობისათვის, თელავის საპატიო მოქალაქის სტატუსი ლიანა ბერიძის გარდა, სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე კიდევ ათ ადამიანს გადაეცა. საპატიო თელაველების დასახელების ტრადიცია რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა და ჯამში საპატიო თელაველის სტატუსს 100-მდე ადამიანი ატარებს.