საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პოლიტიკოს გოგი წულაიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული წულაია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, გოგი წულაია 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, რაც ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 126-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, რაშიც წულაია დამნაშავედ ცნეს, მოიცავს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
“საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგარი ქმედებისთის ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”. – წერია განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ, მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით, ქალს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა, შემდეგ კი ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დაზარალებულის მიმართ “ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა”. პროკურატურის ცნობით, დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.
გოგი წულაია 2021 წლის 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს მას ბრალი დაუმძიმდა. თავდაპირველად, სასამართლომ გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 1-ელ ივლისს წულაია 6 000-ლარიანი გირაოთი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.