ეს დაპირისპირება პირველი არ არის, თქვენი “დამსახურებაა”, რომ უპირისპირებთ ხალხს ერთმანეთს, ბოდიში მოიხადეთ, ხალხს მოუხადეთ ბოდიში ამის გამო – გურიის მაჟორიტარი დეპუტატისთვის ნათქვამი ამ ფრაზის შემდეგ მცირე შელაპარაკება მოხდა მაჟორიტარსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ბესიკ ქათამაძეს შორის ბუკნარის ცენტრში, სადაც დღე ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენელთა შეხვედრაა დაგეგმილი.
შელაპარაკების შემდეგ ბესიკ ქათამაძე პოლიციამ დაპირისპირების ადგილს გაარიდა. “არ დაგვიკავებია, გავარიდებთ ადგილს”, – განაცხადეს პოლიციელებმა.
შეგახსენებთ, რომ მუსლიმი და ქრისტიანი თემის შეხვედრის წინ ბუკნარში ზუგდიდის სპეცრაზმი შეყავთ.
აქვე, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ჯერაც არაა დასრულებული. მუსლიმი მრევლის მოთხოვნაა, მიეცეთ ლოცვის უფლება, ქრისტიანი მრევლი კი ამბობს, რომ მათ ლოცვას არავინ უკრძალავს და მხოლოდ სოფელში მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა, მუსლიმი თემის განცხადებით, ისინი არც მეჩეთის, არც მინარეთის აშენებას არ ითხოვენ.
13 იანვრის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის, სრულიად საქართველოს მუფთის ადამ შანთაძისა და მართლმადიდებელი სასულიერო პირების თანდასწრებით – თემების 10-10 წარმომადგენელი ერთმანეთს შეხვდება