ოპოზიციას შევთავაზეთ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე შინაარსობრივი წინადადებები წარმოედგინათ, თუ უკრაინული მოდელი არ მოსწონდათ, როგორ ჩაგვესწორებინა და რა ჩაგვეწერა. მათ მსგავსი შემოთავაზება არ ჰქონიათ არც საკომიტეტო ფორმატში და არც პლენარულზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამას ვერც გააკეთებდნენ, რადგან ღიად ამბობენ, რომ მათი მიზანია, კანონი ერთ პირს მოერგოს და ეს უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი.
„გუშინ ევროკომისარმა განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა ემსახურებოდეს არა ცალკეული პირების ჩაწერას და ეს არ არის მათი ამოცანა, არამედ გამოწვევას, რომელიც არის ფენომენად და გამოწვევად მიჩნეული არა მხოლოდ რეგიონში, საქართველოში, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებში. ჩვენ ამას ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არც ერთი შინაარსობრივი წინადადება არ შემოუთავაზებია. თუ არ ეთანხმები რაღაცას, ალტერნატივა უნდა შესთავაზო. ვიცით, რომ მათთვის ალტერნატივა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაა და ამას ხომ არ გვეტყოდნენ? ამას ღიად ვერ ამბობენ, თუმცა უნდათ, ჩვენ ჩავწეროთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მიდის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ხელისუფლებაში ბრუნდებიან. რეალურად ამის გაკეთება უნდათ. უკაცრავად, მაგრამ ამას საკანონმდებლო პროცედურა არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.