„ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში შევა ის პუფი იქნებაო, გახსოვთ ხომ ეს სასაცილო გამონათქვამი, აი ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მე მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში, თვითონ ვეღარ დარჩება“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გარემოება პატარა პარტიებს აიძულებს გაერთიანდნენ ძლიერთან, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თალაკვაძე ასე უპასუხა:
„საბოლოო ჯამში, გააკოტრეს რეალურად დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და იქამდე მიიყვანეს, რომ საკუთარი ნათქვამების რცხვენიათ იმიტომ, რომ დღეს საპირისპირო რეალობაში არიან. ამიტომ ამ პარტიებს დღეს თუ შანსი აქვს, ეს შანსი არის მომავალში და ნაციონალური მოძრაობის გარეშე“.
შეგახსენებთ, 2022 წლის 9 ნოემბერს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, “ნაცმოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა, პარტიის თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
საკრებულოს წევრის განცხადებას არაერთგვარი რეაქციები მოჰყვა. “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატიც დასახელდა. მათ შორის იყო მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
თუმცა, დეპუტატმა 2022 წლის 10 ნოემბერს გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებდა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობას. ზუსტად 6 დღის შემდეგ კი პოზიცია შეცვალა და პარტიის სათავო ოფისში, მაშინ როდესაც პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ქვეყანაში არ იმყოფება, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელშია, განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.