აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს.
“ალბათ რამდენიმე დეკადა მაინც დასჭირდება იმის გააზრებას, რომ უკრაინა პლანეტარული მასშტაბის იდეოლოგიურ-პოლიტიკურ კათარზისს ახორციელებს მსოფლიოში. პრაქტიკულად ანგრევს დასავლური, კომფორტული კონფორმიზმის ჩაბეტონებულ იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც დეგრადირებული რეჟიმების კეთროვანივით იზოლაცია კი არ უნდა მოხდეს ჯანსაღი სივრცისაგან, არამედ მათი სრული ინტეგრაცია მსოფლიო პროგრესის ქსელში. ასე შეიქმნა ჩინეთის და რუსეთისაგან მონსტრი “სიმსივნეები”, რომლებიც ბაზისურ ქსოვილებამდე ჩაეზარდნენ მსოფლიოს ჯანსაღ ქსოვილს და უკვე მის გონებასაც მისწვდნენ, ინტელექტიც შეუცვალეს ნაწილობრივ. ირანი და ავღანეთი არ არის საშიში მსოფლიო გონისათვის; ისინი “ჩაკაფსულებული სიმსივნეები” არიან, მათი ამოკვეთა მარტივად შეიძლება.
არაადამიანური ფსიქოლოგიური დაწოლა მიმდინარეობს უკრაინაზე დღეს, რომ როგორმე აღდგეს მსოფლიოს კონფორმისტული ბალანსი. უკრაინა ცხადია ამას ქვეცნობიერის დონეზე აკეთებს, საკუთარი თავის ხსნას ცდილობს, უპირველეს ყოვლისა. საკმარისია, ზელენსკის ნერვებმა უმტყუნოს და კომპრომისზე წავიდეს, უკრაინას მომავალი არ ექნება. თუ ახლა ისინი სრულად არ განიწმინდნენ რუსული საცეცებისაგან, შემდგომი ეტაპი სამოქალაქო ომი თუ არა, ღრმა კორუფცია და დეგრადაცია იქნება. ეს გარდაუვალია.
უცნაურია, რომ ამ ქვეყანას დაეკისრა ასეთი საოცარი მისია. ალბათ მეომრისა და მოაზროვნის ყველაზე ეფექტური სიმბიოზის გამო, მთელ დღევანდელ მსოფლიოში.
თუ უკრაინა გაჩერდა, ან გააჩერეს, მსოფლიო კომფორტულად გააგრძელებს დეგრადირებისაკენ სვლას და როცა ხელოვნური ინტელექტი მსოფლიო გონის მაქსიმალურ ინტეგრაციას მიაღწევს, შეიქმნება უმახინჯესი, უბოროტესი მონსტრი”, – წერს ზურაბ გურული.