საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის მოწამვლასთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა. მისივე თქმით, არასდროს არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი აქვს ამ საკითხზე.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არაა საჭირო.
“მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე მეტალები სხვაგვარად ორგანიზმში არ უნდა მოხვედრილიყო.