სოფლად თუ ქალაქებში მრავლად არის უპატრონო ძაღლები – დასარეგულირებელია მოშენების და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასთან და ძაღლების მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ის ორი დღის წინ, პეტრიაშვილის ქუჩაზე ძაღლის მიერ ბავშვის დაგლეჯის ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ამ კუთხით შესაბამისი კომიტეტი პარლამენტში, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად აქტიურად მუშაობს რეფორმაზე, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდეს.
“ორი დღის წინ, კიდევ ერთი საბედისწერო შემთხვევა მოხდა – პიტბულმა ბავშვს მიაყენა დაზიანებები. იმედი მაქვს ექიმების პროფესიონალიზმის. ვგულშემატკივრობ პატარას და მის ოჯახს. ყველაფერი კარგად იქნება!
ამ წლების განმავლობაში, როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო აქტივისტების და სპეციალისტების მხრიდან იყო მონდომება და მიზანი, რომ ცხოველების მიმართ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, მოწესრიგდეს მათი აღრიცხვის, ბინადრობის და დაავადებათა კონტროლის საკითხი, თუმცა გვჭირდება ახალი, ქმედითი და უფრო მასშტაბური ნაბიჯები – ეფექტიანი რეგულაციები და ევროპული საუკეთესო მოდელის დანერგვა ყველგან, მთელ ქვეყანაში.
ვინაიდან, სოფლად თუ ქალაქებში მრავლად არის უპატრონო ძაღლები – დასარეგულირებელია მოშენების და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასთან და ძაღლების მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები.
ამ მიზნით, გარდაუვალი და საჭიროა ერთიანი სტანდარტის და ქმედითი სტრუქტურების (სააგენტოს ან სამსახურის) ჩამოყალიბება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
შესაბამისი კომიტეტი პარლამენტში, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რეფორმაზე, რომ შემუშავდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.