ვასილ ჩიგოგიძემ გურიის მოსახლეობას ბოდიში უნდა მოუხადოს იმ ქმედებებისთვის, რასაც წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ ის და ,,ქართული ოცნება” ჩადიოდნენ. ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად რელიგიური თემებით სპეკულირება- განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა , ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ბესიკ ქათამაძემ ამ წუთებში პოლიციის შენობიდან გამოსვლისას. ბესიკ ქათამაძე დღეს სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლნებისას გურიის მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძესთან დაპირისპირების გამო დააკავეს. ქათამაძე მიიჩნევს, რომ ჩიგოგიძე სისხლის სამართლის დამნაშავეა, მისი თქმით ჩიგოგიძემ, კამათის კულტურისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უნარის არქონის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. ,,მაგრამ მთავარი დანაშული ისაა, რომ ჩიგოგიძე არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ვაჭრობდა ისეთი სენსიტიური საკითხით, როგორი რწმენისა და აღმსარებლობის უფლებაა. სიმართლე არასდროს არ დაიმალება , სიმართლე ერთია და აქ სიმართლე ისაა, რომ ყველაფრის თავი და ბოლო ჩიგოგიძის დანაშაულებრივი საქმიანობაა” განაცხადა ბესიკ ქათამაძემ.