არ იფიქროთ, რომ რამე უკეთესზე მიდის ფიქრი. ფიქრი მიდის იმაზე, აგრესიული როგორ ჩაანაცვლონ უფრო აგრესიულით და უფრო კონტროლირებადი ადამიანით, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესს.
როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მიმდინარე პროცესმა გამოაჩინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია.
„ამ პროცესებმა ცალსახად გამოაჩინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია. დღეს, როდესაც ამ ერთმა კაცმა დაკარგა ლიდერობა, მან ძალიან ცუდი მაგალითი მისცა თავის მეგობრებს და ლიდერებს. მან აჩვენა, რომ ის არ არის რეალური ლიდერი იმიტომ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, პასუხისმგებლობას ვერ ატარებს და ამბობს, რომ როგორმე გამიყვანეთ აქედან, მაშინ როდესაც მისი მეგობრები და თანამებრძოლები სასამართლოს გადაწყვეტილებით რამდენიმე წელი იყვნენ პატიმრობაში და არც ერთს ასეთი რამე არ გაუკეთებია. შესაბამისად, როგორც კი დაკარგა აბსოლუტური კონტროლი, თუმცა რაღაც კონტროლს ინარჩუნებს გარკვეული მექანიზმებით, პარტიის შიგნით დაიწყო გადანაწილება არალეგალური ფულის, ტელევიზიებზე გავლენის და პარტიული თანამდებობების. და მეორე, მოთხოვნა გაჩნდა იმაზე, რომ თუ აქამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა აგრესიული ლიდერი, რომელიც ახტებოდა ცესკოს ღობეს, რომელიც პარლამენტს უტევდა ძალისმიერად და ხალხს მოუწოდებდა, რომ შევვარდეთო, ამბობდა, რომ კანონს არ შევასრულებ, არც გირაოს გადავიხდი, არაფერს არ გავაკეთებო და ბოლოს ყველაფერი გააკეთა, დღეს ამ ადამიანის გათავისუფლების სპეცოპერაციას ატარებენ სხვები, ოღონდ ატარებენ ისინი, ვისაც სჯერა, რომ ამაზე უფრო აგრესიული ლიდერშიფი სჭირდება დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე გადაცემაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავზე სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, მერაბიშვილის პოსტი, რომ „ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, მიემართებოდა მხარდამჭერებს, რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ მისი.
„ეს შემოუთვალა იმ თავის მხარდამჭერებს, რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ მერაბიშვილის „ნაცმოძრაობის“, მერაბიშვილის ჩატარებული რევოლუციის და მერაბიშვილის იდეალების, მაგრამ იმ ადამიანებს რამდენად სჯერათ მერაბიშვილის შეძახილის, ამას გვაჩვენებს ეთერები, ბატონი ბარნოვი გამოდის, გაოცებულია, რა გამოიწერა და რა ჩამოუვიდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერშიფში; ბატონი დოლიძე გამოდის და ამბობს, რომ საოცრება ხდება და მიუღებელია; ქალბატონი დეკანოიძე პრაქტიკულად შეფარული ქვეტექსტით ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ლიდერებს ვერ ხედავს როგორც რეალურ ლიდერებს მომავალში ამ პარტიისთვის. ამიტომ მერაბიშვილს უპასუხებენ თავისი მხარდამჭერები, ჩვენ ამ ადამიანზე კომენტარების კეთების დრო არ გვაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა მერაბიშვილის გამოჩენა „ოცნების“ წისქვილზე ასხამდეს წყალს, არჩილ თალაკვაძე ასე პასუხობს: „ქართული ოცნებისთვის“ წყალი, წყლის დასხმა და ძალა არის პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოების მხარდაჭერა, მეორე ის,რომ ჩვენ ვცდილობთ სამართლიანი პოლიტიკა გავატაროთ და არა ყალბი პოლიტიკა“.
ipn.ge