რა ხდება და რა ადგილმონაცვლეობას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი “ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლის შემდეგ, ამ საკითხზე პარტიის ყოფილმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა “დღის სტუმარში” ისაუბრა:”ივანიშვილმა ხომ თქვა თავის მიმართვაში, წერილშიც და სატელევიზიო ინტერვიუში-“არნახული დემოკრატია დავტოვე”-ო. კითხვა მინდა დავუსვა-სად არის ეს დემოკრატია? თქვენს პარტიაში რაც ახლა ხდება ეს არის? მე თავის დროზე ასეთი მიდგომების გამო დავუპირისპირდი “ქართულ ოცნებას”. გასაგებია, რომ ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიდის, მეორე ხელით კი დატოვა განკარგულება, რომ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს ტოვებს, რომელსაც ხვალ აღტკინებით აირჩვენ. ივანიშვილს ეს ყველაფერი გაუვა მანამ, სანამ თითს არ დაუქნევენ ვაშინგტონიდან და ქართველი ხალხის მოაზროვნე, აქტიური ნაწილი არ ეტყვის ივანიშვილს, რომ ის მის პარტიასთან ერთად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ეს კვაზი პოლიტბიუროც მხოლოდ ერთი ნიშნითაა შერჩეული, ერთგულების ნიშნით, რომ არავინ ხმა არ ამოიღოს, იყოს მორჩილი, ხოტბა შეასხას პარტიას და მის ახლა უკვე უჩინარ მამას და მარჩენალს”-განაცხადა ახვლედიანმა.