“ყველანი სოფლიდან ჩამოსულები ვართ”- რეზო თაბუკაშვილი

ქართველი რეჟისორისა და მწერლის რეზო თაბუკაშვილის სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ქართული კულტურის ისტორიაში. მისი შემოქმედება ფასდაუდებელია.

”არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ლექციიდან, რომელიც 88-90-იან წლებში უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა:

“მოგახსენეთ, თბილისი ასეთი ეროვნული არასდროს არ ყოფილა-მეთქი. სამწუხაროდ, იმის ხარჯზე, რომ სოფელი დაიცალა. მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი მავნე შედეგი, არის მეორე შედეგიც – გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი, აგრესიული პროვინციელი, ეს არის საშინელება, მით უმეტეს, პროვინციალიზმი პოლიტიკაში ხომ კატასტროფაა. პროვინციალი არ ნიშნავს სოფლიდან ჩამოსულს, ისტორიულად ჩვენ ყველანი სოფლიდან ვართ ჩამოსულები, ზოგი გუშინ და ზოგი გუშინწინ. ჩვენი სათაყვანო მამა-პაპა, ჩვენი თავადაზნაურობა, ჩვენი კულტურის შუქურები სოფლებში ცხოვრობდნენ. პროვინციალიზმი ქალაქის მოვლენაა.

პროვინციალიზმი პროვინციაში არ არსებობს, ის თავის ორგანულ სამყაროშია იქ. აი, როცა თავის ორგანულ ნაწილს მოწყდება და მოდის აქ, სადაც მისთვის ჩვეული გარემო არ არის, ის ხდება აგრესიული შეუთავსებლობის გამო.

ისევ მონადირული პრაქტიკიდან. თქვენ გედები გინახავთ ზოოპარკში რომ დაცურავენ. მე, როგორც მონადირეს, გაფრენილიც მინახავს ნადირობის დროს. ღმერთმა გედი გააჩინა იმისთვის, რომ არ უნდა იფრინოს და დედოფალია ცაში, როცა ფრინავს, ან წყალში უნდა იყოს და დედოფალია როცა ცურავს, მაგრამ საკმარისია მიწაზე დადგას ფეხი, რომ ის ხდება აბსოლუტურად დაგვაჯული, რაღაც საზიზღარი ბატი. იმიტომ, რომ ღმერთმა გედი ან საცურაოდ, ან საფრენად გააჩინა. სრულებით არ არის სათაკილო, რომ ვიღაცის ადგილი არის სოფლად, ვიღაცისა კი – ქალაქში, დაბაში და ა.შ. როდესაც ეს ირღვევა, ჩნდება ის უცანური ტიპი ქართველი კაცისა –”აგრესიული პროვინციალი”. ის მოდის და შეუთავსებლობის გამო, ეძებს, რადგან შენ სხვა რამით ვერ გჯობნის (ხომ არსებობს კიდევ რაღაც სხვა, გენეტიკური, ხომ არის სამასი წლის ნაკრეჭი ინგლისური გაზონები, რაზედაც ამერიკელი გულზე სკდება, დღესაც ვერ ინელებს და ეძებს საიდუმლოებას…) ის ეძებს მერე თავშესაფარს იმით, რომ აქტიურობდა კომკავშირში, შედიოდა პარტიაში, აგვივლიდა გვერდს და აღმოჩნდებოდა შენი დიდი უფროსი.

დღეს ძალიან იოლ თავშესაფრად იქცა პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი გახდა თავშესაფარი უამრავი – აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანისა და ის ისეთი ტონით გელაპარაკება იქიდან, რომ ჰკითხო, ვინა ხარ – გეუბნება, – პატრიოტი. პატრიოტობა პროფესია არ არის – პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share