“მე მყავს მიხეილ სააკაშვილი ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში ნანახი, რიდესაც ის ხანგრძლივად შიმშლობდა 40-50 დღის განმავლობაში და ასეთ მდგომარეობაში ის არასოდეს არ ყოფილა” – ამბობს “ფორმულას” ეთერში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
მისი თქმით, ექიმებმაც დაუდასტურეს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად არ უმჯობესდება.
“მე მყავს მიხეილ სააკაშვილი ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში ნანახი, რიდესაც ის ხანგრძლივად შიმშლობდა 40-50 დღის განმავლობაში და ასეთ მდგომარეობაში ის არასოდეს არ ყოფილა. სიტუაცია ნამდვილად არ არის სახუმარო. ვფიქრობ, არის ნამდვილად სერიოზული. მე არ ვარ ექიმი და სამედიცინო დიაგნოზს, რა თქმა უნდა, ვერ დავსვამ, მაგრამ რაც ვნახე, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მძიმე პაციენტი, რომელსაც არ შეუძლია სიარული, პაციენტი, რომელიც უკვე თითქმის 2 თვეა მწოლიარე მდგომარეობაშია, რომელსაც არ შეუძლია დაჯდომა, რომელიც ძალიან მცირე დოზებით და არასაკმარისად იკვებება, რომელსაც აქვს სიცხეები უკვე რამდენიმე თვეა, უჭირს საუბარი და ჩვენ ძალიან ხანმოკლე კომუნიკაცია გვქონდა, იმის გამო, რომ ის ძალიან იღლებოდა და უჭირდა საუბარი. საერთო ჯამში, ექიმებმაც დამიდასტურეს, რომ მისი მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად არ უმჯობესდება და პირიქით, გვაქვს უკუდინამიკა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იმსახურებს, ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია – თქვა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია “ფორმულასთან”
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივი მედში” ომბუდმენმა მოინახულა და მედიასთან კომენტირებისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც ჩანს .